საქართველო

ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ასეულის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის 152 მილიმეტრიანი „მსტა” ბატარეა და 152 მილიმეტრიანი „გეოცინტის” ოცეული მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში ასეულის დონის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და დაზვერვის ჯგუფებისა და საცეცხლე ქვედანაყოფების შერწყმა წარმოადგენდა.

ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ დონეზე შეფასება მოხდა, რაც მესამე, დასკვნითი ფაზით, 7 000 მეტრის დისტანციაზე საბრძოლო სროლებით გაგრძელდა. მომდევნო ეტაპი კი შედეგების მიმოხილვას დაეთმობა. წვრთნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. დასკვნით ფაზას ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაესწრო.