საქართველო

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გარდაბნის მერი დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.

საიბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, ბრიგადის მეთაურს წმინდა გიორგის ხატი გადასცა და ქვეყნის სამსახურში ღირსეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ჩატარდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის სპორტული შეჯიბრებაც. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა გადასცეს.

ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.