საქართველო

ეუთო-ში აშშ-ის მისია: აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება

იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. მან ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა. დელეგაციებმა ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი, როგორც ნდობის აღდგენის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი.

აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ათი წელია, რუსეთი ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა, აგრძელებს რა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას მაშინ, როდესაც საქართველო ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას. აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ძალები ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.​

„მადლობას გიხდით რომ წარადგინეთ საქართველოს შეთავაზებების პაკეტი, რომლის მიზანია, საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აშშ მიესალმება ამ ზომებს, რომლებიც ეხმარება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ისინი უზრუნველყოფენ მზარდ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, მობილურობისთვის, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის“, განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას გამოსვლის საპასუხოდ.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.

„აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნულ ფორმატს. 27-28 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე აშშ-მა დაგმო საქართველოს მოქალაქის თებერვალში სამხრეთ ოსეთში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და მისი ცხედრის დაბრუნების მიუღებელი გაჭიანურება. აშშ-ს დელეგაციამ მომხდარის სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა…. თითქმის 10 წლის განმავლობაში რუსეთის ცდილობს, ალტერნატიული რეალობა შექმნას. მაშინ, როდესაც საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის შესაძლებლობებს ეძებს, რუსეთი ინარჩუნებს ურთიერთობებს ორი ფიქტიურ ქვეყანასთან მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლისა და ოკუპაციისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივი საბჭოსა და სხვა პლატფორმების გამოყენებას, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და ვამხილოთ რუსეთის მიერ სიმართლის დამახინჯებისა და ისტორიის გადაწერის მცდელობები. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამადელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თავისი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა.