საქართველო

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ტომას გრემინგერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ტომას გრემინგერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა.

ქართული საგარეო უწყების ცნობით, ადგილზე არსებული ვითარება ეუთო-ს გენერალურ მდივანს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით.