გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრები დიმიტრი შაშკინი და გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას ჯარისკაცებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ, აღნიშნეს, რომ მთავრობა შეიარაღებულ ძალებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის იმიტომ, რომ იცის, ჯარი „პუტინის მსახურ” და „საქართველოს მოღალატე” სალომე ზურაბიშვილს მთავარსარდლად არ აირჩევს.
„გუშინ, საქართველოს მოსახლეობამ ნახა ძალიან მძიმე სურათი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიმალა გენშტაბის რამდენიმე ოფიცრის ზურგსუკან და გენშტაბის წარმომადგენელს გააკეთებინეს პოლიტიკური განცხადებები. გენშტაბი უნდა იყოს დაკავებული ქვეყნის უსაფრთხოებასა და ჯარზე ზრუნვით და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. რეალობას რაც შეეხება, შეიარაღებული ძალების მონაწილეობას არჩევნებში, არის შემდეგი: სამხედრო ნაწილებში არის გაუქმებული საარჩევნო უბნები, გაუქმების პროცესში შეიარაღებულ ძალებს დაპირდნენ, რომ ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები და კაპრალები ხმას მისცემენ ახლომდებარე უბნებში, რაც აღმოჩნდა ტყუილი. სიების დაკომპლექტება დასრულებულია არც ერთი ჯარისკაცი, კაპრალი, სერჟანტი თუ ოფიცერი არ არის შეყვანილი სიებში ამ უბნებზე და ახლა უთხრეს, რომ ახლა შეგიძლიათ ხმა მისცეთ იქ, სადაც ხართ რეგისტრირებული, სადაც ცხოვრობთ. ეს არის დაცინვა და ხელოვნური პრობლემების შექმნა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის, რომ აირჩიონ მთავარსარდალი, აირჩიონ პრეზიდენტი. იმიტომ, რომ გარდა ფინანსური ხარჯისა, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ვაზიანიდან, საარტილერიო ბრიგადიდან სერჟანტი რომ ჩავიდეს ზუგდიდში, რა ღირს. მეორე – ეუბნებიან, რომ იმავე დღეს უნდა დაბრუნდე, რაც ლოჯისტიკურად შეუძლებელია და მესამე – არავინ არ გაუშვებს მთელ ჯარს სახლში. ეს ხომ გასაგებია, რომ ზემდგომი ოფიცრის ხელში იქნება გადაწყვეტილების მიღება, ვინ გაუშვას და ვინ – არა. ეს არის რეალურად ხელოვნური პრობლემების შექმნა ჯარისთვის, რომ აირჩიონ თავისი მთავარსარდალი, აირჩიონ პრეზიდენტი”, განაცხადა დიმიტრი შაშკინმა საგანგებო ბრიფინგზე.
გიორგი ბარამიძის თქმით კი, „ამ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ქართული ჯარი თავის უმაღლეს მთავარსარდლად არ აირჩევს მოღალატეს. ეს არის აბსოლუტურად ნათელი და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უკვე ინსტიტუციურად შექმნა პირობები იმისთვის, რომ ჯარის უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად ვეერ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. ნათელია, რომ მთელი ჯარის სახლში გაშვება ნიშნავს, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უხეშ შელახვას, ეს წარმოუდგენელია და ასევე, არავინ არ გააკეთებს იმას, რომ ჯარისკაცებს გამოუწერონ სამივლინებო, რომ ორი დღის განმავლობაში წავიდნენ და წამოვიდნენ თავიანთ სახლებში სადაც არიან რეგისტრირებულები და შეძლონ, თავიანთი კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ, აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი და რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთავარსარდალი…. დარწმუნებული ვარ, ქართული ჯარი პუტინის მსახურს, პუტინის გამხმოვანებელს, საქართველოს მოღალატეს არ აირჩევს პრეზიდენტად”.
წყარო: GUARDIAN.GE