ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კომენდანტის საათი დააწესა

ესპანეთმა „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად და მასზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა.

პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს და ის ძალაში კვირას შევა.

სანჩესის თქმით, საგანგებო ზომების ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებებს შეეძლებათ აკრძალონ რეგიონებს შორის მგზავრობა. მისივე განცხადებით, იგი პარლამენტს წინადადებით მიმართავს, რომ ახალი წესები თავდაპირველად ძალაში 15 დღით შევიდეს და მისი 6 თვით გაგრძელების შესაძლებლობა იყოს.

სანჩესის განცხადებით, სხვადასხვა რეგიონს შესაძლებლობა ექნება ღამის საათებში კომენდანტის საათის მოქმედების ხანგრძლივობის პერიოდი თავად განსაზღვრონ, რეგიონებს შორის გადაადგილებაზე შეზღუდვებს კი თავად რეგიონული ლიდერები გადაწყვეტენ და ის სამუშაო და სამედიცინო საჭიროებების შესაბამისად იქნება მიღებული.

ახალი წესები ასევე მოიცავს  საჯარო და კერძო შეკრების შეზღუდვებს და მაქსიმუმ 6 ადამიანის შეკრება იქნება დაშვებული.

„მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ექსტრემალურია. ის ყველაზე სერიოზულია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში“, განაცხადა სანჩესმა სატელევიზიო მიმართვისას.

ესპანეთი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის პირველმა ტალღამ მძლავრად დააზარალა და რომელსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ამკრძალავი ზომები ჰქონდა მიღებული, ახლა მეორე ტალღასთან ბრძოლას ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესებით აპირებს.

კვირას ახალი შეზღუდვები გამოაცხადა იტალიამაც, რომლის მთავრობამაც განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა უზარმაზარ ტვირთად აწვება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

ამასობაში საფრანგეთმა ერთი დღის განმავლობაში ინფექციის რეკორდული შემთხვევების შესახებ გამოაცხადა. კვირის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საფრანგეთში 52 000 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, შაბათს კი ერთი დღის მაჩვენებელი 45 000-ს შეადგენდა.

GUARDIAN.GE