მსოფლიოს ახალი ამბები

ესპანეთის მთავრობა კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ხელმოწერილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ ცნობს

 

ესპანეთის მთავრობა კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის მიერ ხელმოწერილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ ცნობს.

 

როგორც BBC იუწყება, ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ პუჩდემონი აღწერა, როგორც ისეთი პიროვნება, რომელმაც „არ იცის სად არის, და საით მიდის“.

 

პრემიერ მინისტრი მარიანო რაჰოი მისი კაბინეტის საგანგებო სხდომას მოიწვევს, სადაც მთავრობის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

 

პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი სამშაბათ საღამოს მოაწერა, მაგრამ მისი განხორციელება რამდენიმე კვირით შეაჩერა, რათა ესპანეთის მთავრობასთან საერთაშორისო შუამავლის მეშვეობით მოლაპარაკებები გამართოს.

 

მან თქვა, რომ მადრიდისაგან გამოყოფა „ხალხის სურვილი“ იყო, მაგრამ მან ასევე ისიც თქვა, რომ მას საკითხის გარშემო დაძაბულობის „დეესკალაცია“ სურდა.

 

„მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს აღიარონ კატალონიის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, განაცხადა მან, მაგრამ დაამატა:

 

„გთავაზობთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის შედეგების შეჩერებას, რათა გაიმართოს მოლაპარაკებები მომდევნო კვირების განმავლობაში, რომლის გარეშეც არ არის შესაძლებელი შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მივაღწიოთ“, უთხრა პუჩდემონმა პარლამენტარებს, რის შემდეგაც მან და კატალონიის სხვა ლიდერებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, მაგრამ როგორც BBC წერს, მკაფიო არ არის, აქვს თუ არა დეკლარაციას რაიმე კანონიერი სტატუსი.

 

ბარსელონაში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მხარდამჭერები პუჩდემონის თავდაპირველ კომენტარებს მოწონებით და შეძახილებით შეხვდნენ, მაგრამ ბევრმა იმედგაწბილება გამოხატა მას შემდეგ, რაც მან მისი პოზიცია მკაფიოდ გააცხადა.

 

მადრიდში, ესპანეთის ვიცე პრემიერმა, სორაია საენზ დე სანტამარიამ უარი განაცხადა პუჩდემონის მიერ საერთაშორისო შუამავლის მეშვეობით მოლაპარაკებების წინადადების მიღებაზე.

 

„არც ბატონ პუჩდემონს და არც სხვა ვინმეს შეუძლია მოითხოვოს… შუამავლობის დაკისრება“, განაცხადა მან.

 

„მას შემდეგ რაც კატალონია, მისი ისტორიის განმავლობაში უდიდესი დონის დაძაბულობაში გახვია, პრეზიდენტმა პუჩდემონმა ახლა მისი ავტონომიური რეგიონი უდიდესი დონის გაურკვევლობის წინაშე დააყენა.

 

„სიტყვა, რომელიც პრეზიდენტმა დღეს წარმოთქვა, არის იმ პიროვნების სიტყვა, რომელმაც არ იცის სად არის, სად მიდის და არც ის, თუ ვისთან უნდა იაროს“, განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარის ციტირებასაც BBC ახდენს.

 

ესპანეთის იუსტიციის მინისტრმა რაფაელ კატალამ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომ რეფერენდუმი არაკანონიერი იყო და მისი შედეგები ძალადაკარგულია.

 

რა ხდებოდა სამშაბათ საღამოს კატალონიის პარლამენტში 

„დღეს მე საკუთარ თავზე ვიღებ კატალონიის მანდატს, გახდეს იგი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რესპუბლიკის ფორმით“, განაცხადა პუჩდემონმა რეგიონულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მაგრამ დაამატა: „ჩვენ ვაჩერებთ დამოუკიდებლობის დეკლარაციას რამდენიმე კვირით, რადგან ჩვენ გვინდა გონივრული დიალოგი, შუამავლობა ესპანურ სახელმწიფოსთან“.

 

 

 

 

თავის სიტყვაში პუჩდემონმა ცოტა უფრო ადრე თქვა, რომ სურს „გაჰყვეს ხალხის ნებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაზე“.

 

 

„ბიულეტენები ამბობენ – დიახ, დამოუკიდებლობას. ეს არის ნება, რომელსაც მინდა რომ გავყვე“, უთხრა პუჩდემონმა პარლამენტს.

 

„ამ ისტორიულ მომენტში, როგორც კატალონიის პრეზიდენტი, მე მსურს გავყვე ხალხის ნებას, გახდეს კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო“, თქვა მან.

 

 

კატალონიის პარლამენტის ერთი საათით გადადებული სხდომა განახლდა და კარლე პუჩდემონი სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც თავდაპირველი ვარიანტით დამოუკიდებლობის დეკლარაციის კენჭისყრა იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიის პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, პროცესი რამდენიმე კვირით გადაიდება.

 

 

სხდომის დასრულების შენდეგ პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერს მისმა თანაპარტიელებმაც. მათ პარლამენტში 72 მანდატი აქვთ და აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ.

 

როგორც BBC იუწყება, კატალონიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა იმის ახსნით დაიწყო, რომ იგი ისაუბრებდა 1-ლი ოქტომბრის სადავო რეფერენდუმის შედეგებზე.

 

 

„აშკარა გახდა, რომ ეს უკვე აღარ არის შიდა საკითხები. კატალონია ახლა ევროპული საკითხია“, განაცხადა მან და დაამატა, რომ „არ გეგმავს რაიმე მუქარებს და შეურაცხყოფებს“ და ამის ნაცვლად მას „დაძაბულობის დეესკალაცია სურს“.

 

 

პუჩდემონმა ესპანეთის მთავრობის ქმედება დაგმო, რომელიც აკრძალულად გამოცხადებული 1-ლი ოქტომბრის რეფრენდუმის ბლოკირებას ახდენდა.

 

სესია დაგეგმილი 18:00 საათის (თბილისის დროით 20:00 სთ) ნაცვლად 1 საათით გვიან დაიწყო, რის გამოც გამოითქმებოდა ვარაუდები, რომ პუჩდემონის სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზი საერთაშორისო შუამავლობა იყო. სხვა ცნობებით, მისი პარტიის კოალიციის პარტნიორები, მემარცხენე პარტია, პუჩდემონის სიტყვის ტექსტით იყო უკმაყოფილო და მესამე ვარაუდით, ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რაჰოის კონსერვატიული პარტია და ცენტრისტები შეეცადნენ, რომ მისი პარლამენტში გამოსვლა გაუქმებულიყო.

 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დაჟინებით მოუწოდა კარლე პუჩდემონს არ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. ევროკავშირის ლიდერმა განაცხადა, რომ შედეგები „აშკარაა, რომ ცუდი იქნება კატალონიისთვის, ესპანეთისთვის და მთელი ევროპისთვის“.

 

„მოდით, ყოველთვის ვეძებოთ ის, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ და არა ის, რა გვყოფს. ეს არის ის, რაც ჩვენი კონტინენტის მომავალს გადაწყვეტს“, განაცხადა ტუსკმა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კატალონიის მდგომარეობა აღწერა, როგორც „მღელვარე“.

 

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, მაურიკე ობსტფელდმა განაცხადა, რომ ეს „ბევრ გაურკვევლობას გამოიწვევს, როგორც კატალონიის, ისე ესპანეთის ეკონომიკაში“.

 

მან თქვა, რომ ორივე მხარემ არ უნდა იმოქმედოს „ნაჩქარევად და გამართოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი პოტენციური სარგებელია ორივე მხარისათვის, თუკი ისინი ამას გამოიყენებენ“.

 

ბარსელონას უნივერსიტეტის საკონსტიტუციო კანონის პროფესორმა ჯოზეფ მარია კასტელამ BBC-ს განუცხადა, რომ ესპანეთის მხრიდან კატალონიის პირდაპირი წესით მმართველობის პროცესი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი.

 

„155-ე მუხლი ბევრი შესაძლებლობის მიმნიჭებელია, მაგრამ ზღუდავს ავტონომიის სრულ შეჩერებას.

 

„სხვა არჩევანი მოიცავს გარკვეული უფლებამოსილებების შეჩერებას – ისეთის, როგორიცაა უსაფრთხოება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რამ იქნება პორტების, აეროპორტების, კომუნიკაციების ცენტრების და საზღვრების ესპანეთის ძალების მიერ გაკონტროლება“, განაცხადა პროფესორმა.

 

 

რა უძღოდა წინ სამშაბათს კატალონიის პარლამენტის შეკრებას

კატალონიის მიერ ნებისმიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას შედეგი არ ექნება, გააფრთხილა 8 ოქტომბერს რეგიონის ლიდერები ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ და დაამატა, რომ იგი არ გამორიცხავს კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერებას.

 

როგორც BBC იუწყება, გაზეთ „ელ პაისთან“ ინტერვიუში, რაჰოიმ უარყო რაიმე შუამავლობა კრიზისის დასაძლევად.

 

 

 

უფრო ადრე, ქვეყნის გასწვრივ, ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე, რაც კვირას, 1-ელ ოქტომბერს, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისადმი პასუხი იყო, ათასობით ადამიანი გამოვიდა.

 

„ელ პაისთან“ ინტერვიუში რაჰოიმ განაცხადა: „მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი დამოუკიდებლობის დეკლარაცია არაფრის მომტანი იქნება“.

 

შეკითხვაზე – არის თუ არა მზად გამოიყენოს ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც ნებას რთავს ეროვნულ პარლამენტს ჩაერიოს ავტონომიური რეგიონის მმართველობაში – რაჰოიმ უპასუხა: „მე აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ ნებისმიერ ისეთ რამეს, რაც კანონით არის ნებადართული“.

 

პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მზარდი პოლიტიკური კრიზისის გამო, იგი ნაადრევად არ დანიშნავს ეროვნულ არჩევნებს.

 

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, არტუს მასმა, გაზეთ „ფაინენშალ თაიმსს“ განუცხადა, რომ რეგიონი ჯერჯერობით არ არის მზად რეალური დამოუკიდებლობისთვის – მიუხედავად იმისა, რომ მასაც სჯერა, რომ კატალონიას გამოყოფის სრული უფლება აქვს და მან ეს უფლება რეფერენდუმით მოიპოვა.

 

 

კვირას, 1-ელ ოქტომბერს გამართული ხრეფერენდუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 2.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო და კატალონიის დამოუკიდებლობას ხმა მონაწილეთა 90%-მა მისცა, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არაა.

 

 

კვირას გამართული აქციის დროს, ხმის მიცემის პუნქტებში პოლიცია შეიჭრა, ბიულეტენების ყუთების წაღება და ხალხის დაშლა სცადა, რის შედეგადაც ასობით აქტივისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

 

 

ესპანეთის მთავრობა უარს ამბობს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე. კატალონიელი ლიდერების თქმით, მათ სჭირდებათ საერთაშორისო შუამავლობა და სთხოვენ ევროკავშირს, ჩაერიოს ამ დაპირისპირებაში.

 

 

კატალონია რიცხვებში:

 

  • ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.
  • კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.
  • კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.
  • კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

GUARDIAN.GE