ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიესალმება

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მიესალმება თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მადრიდის გადაწყვეტილებით დეკემბერში გაიმართება.

ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა და რეგიონის დროებით მმართველად ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე დანიშნა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა პარასკევს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა ხმა.

კარლეს პუჩდემონი მადრიდისგან პირდაპირი მმართველობისთვის „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაწევას გეგმავს.

მან დაგმო კატალონიის ავტონომიის შეჩერება და პირობა დადო, რომ განაგრძობს „თავისუფალი ქვეყნის შენებას“.

1-ელ ოქტომბერს, პუჩდემონის სეპარატისტული მთავრობის ორგანიზებით კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებით, რასაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევდა, ესპანეთში საკონსტიტუციო კრიზისი წარმოიშვა.

კატალონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ხმების პოტენციურ მიმცემთა რაოდენობამ, რომელთაც რეფერენდუმის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, 43% შეადგინა, და მათგან დამოუკიდებლობას ხმა 90-მა პროცენტმა მისცა.

კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მადრიდმა უკანონო უწოდა და პრემიერ მინისტრმა, მარიანო რახოიმ რეგიონული პარლამენტის დაშლისა და კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ რეგიონში ახალი არჩევნები ჩატარდება.

 

როგორ განვითარდა მოვლენები?

 

მადრიდმა კატალონიის ავტონომია შეაჩერა და მთავრობის ფუნქციების შესრულება თავის თავზე აიღო. ესპანურ ენაზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სახელმწიფო ბიულეტენში ნათქვამია, რომ კატალონიაზე კონტროლის განხორციელება ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, სორაია საენს დე სანტამარიას დაეკისრა, ხოლო კატალონიის პოლიციის ხემძღვანელობის თანამდებობებიდან დათხოვნის შემდეგ, რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელობა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

მადრიდში, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელმა, ინიგო მენდეს დე ვიგომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან დათხოვნის მიუხედავად, პუჩდემონს უფლება აქვს საქმიანობა პოლიტიკაში განაგრძოს.

„მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ თუ პუჩდემონი მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში, მას შეეძლება ამ დემოკრატიული წინააღმდეგობის გაწევა“, განაცხადა მან, რომლის სიტყვის ციტირებასაც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.

„კატალონიელებს შესაძლებლობა ექნებათ თქვან ის, რასაც გრძნობენ ამ ბოლო წლის განმავლობაში, რომელსაც თან ახლდა კანონის აღსრულების მარცხი, კანონის შეურაცხყოფის და თავიანთი თავის კანონს მიღმა დაყენების მომენტები“, დაამატა ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელმა, რომელსაც უფლებამოსილება ესპანეთის მთავრობამ შეუჩერა, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსოს დ’ესქუადრას ახლა ფერან ლოპესი უხელმძღვანელებს, რომელსაც მანამდე ტერიტორიული კოორდინაციის უმაღლესი კომისრის თანამდებობა ეკავა.

მის მიერ გავრცელებულ წერილში რაპერო აღნიშნავს, რომ ემორჩილება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

კატალონიის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაგრძობენ. „ადამიანების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი პრიორიტეტია“, ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „თვითერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

კატალონია რიცხვებში:

ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.

კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.

კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.

კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

WWW.GUARDIAN.GE