ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ერევანში ოპოზიციამ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება

ერევანში, სადაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტზე დამტკიცების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობა შეიქმნა და ვაცხადებ არაძალადობრივი, სახალხო, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ“, განაცხადა პაშინიანმა ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგზე.

„საფრანგეთის მოედანზე“, სადაც მიტინგი დაიწყო, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება. სააგენტოს კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეებმა უკვე დატოვეს მოედანი და ერევნის ქუჩებში მართავენ მსვლელობას.

პაშინიანმა ამასთან პროკურატურისა და საკასაციო სასამართლოს შენობების ბლოკირების შესახებ გამოაცხადა – ორივე შენობა ამ დროისთვის დაკეტილია. პროტესტანტებმა წრე შემოავლეს ახალ სამთავრობო კორპუსს, სადაც რამდენიმე სამინისტროა განლაგებული.

ერევნის ქუჩებში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

სომხეთის პარლამენტის შენობაში სპეციალური სხდომა მიმდინარეობს, სადაც სარგსიანის პრემიერ მინისტრად არჩევის საკითხი განიხილება. მისი კანდიდატურა ორმა ფრაქციამ წამოაყენა, რომელთაც 105 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში 65 მანდატი გააჩნიათ. მთავრობის მეთაურის ასარჩევად კი დეპუტატთა საერთო რაოდენობიდან უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, სომხეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ხელისუფლების სადავეები პარლამენტისა და მთავრობის ხელში გადადის, ხოლო ფუნქციები რაც პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს განესაზღვრა წარმომადგენლობითია. ახალი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი უფლებამოსილების განხორციელებას 9 აპრილს შეუდგა.