საქართველო

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 92-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 92-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.

ასევე, IPRM-ის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 16 მაისი.