აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ერაყის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ომი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დასრულებულია

ერაყმა გამოაცხადა, რომ მისი ომი ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დასრულებულია.

პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ერაყის ჯარები ახლა სრულად აკონტროლებენ ერაყი-სირიის საზღვარს.

ერაყის მთავრობის მიერ აღნიშნული განცხადება 2 დღის შემდეგ გაკეთდა მას მერე, რაც რუსეთის სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ მათ მეზობელ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების თავიანთი მისია დაასრულეს.

როგორც BBC წერს, ეს უადავოდ საამაყო მომენტია აბადისთვის – გამარჯვება, რომელიც ერთ დროს ჩანდა, რომ მხოლოდ რიტორიკული შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე რეალური, მაგრამ თუკი პირდაპირი სამხედრო ომი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყში ნამდვილად დასრულებულია, და ქვეყნის ელიტურ ძალებს ახლა შეუძლიათ უკან ნაბიჯის გადადგმა კონფლიქტის შემდეგ, რამაც მათი წარმომადგენლების დიდი რაოდენობა შეიწირა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ისლამური დაჯგუფების იდეოლოგიის ან მისი შესაძლებლობის, რომ წამოიწყოს ამბოხება, დასრულებულია – იქნება ეს ერაყში, სირიაში ან მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

აბადიმ შაბათს განაცხადა: „ჩვენი ძალები სრულად აკონტროლებენ ერაყი-სირიის საზღვარს და მაშასადამე, მე დაეშის [ისლამური სახელმწიფო] წინააღმდეგ ომს დასრულებულად ვაცხადებ.

„ჩვენს მტერს უნდოდა ჩვენი ცივილიზაციის მოკვლა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი ერთობით და ჩვენი თავდადებით. ჩვენ ტრიუმფალურად გავიმარჯვეთ მოკლე დროში“.

მანამდე, ერაყის პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსულში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება ოფიციალურად მიმდინარე წლის ზაფხულში გამოაცხადა. 

მოსულისთვის ბრძოლამ, რომელიც თითქმის 9 თვე გაგრძელდა, ისტორიული ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და თითქმის მილიონი ადამიანი (920, 000-სზე მეტი) დევნილად აქცია.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულზე კონტროლი 2014 წლის ივნისში დაამყარა, მანამ სანამ ერაყის სუნიტებით დასახლებულ ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოახდენდა გავლენის განვრცობას, და ერაყსა და სირიაში „ხალიფატის“ შექმნის თაობაზე გააკეთებდა განცხადებას.

8-თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ერაყის სამთავრობო ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დე-ფაქტო დედაქალაქ მოსულის შუაგულში ნანგრევებად ქცეული გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთი ხელში ივნისის ბოლოს ჩაიგდეს და პრემიერ მინისტრმა ისლამისტი მებრძოლების თვითმარქვია ხალიფატის დასასრული 29 ივნისს აუწყა მსოფლიოს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა, სამი წლის წინათ, 2014 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა ერაყის და სირიის უზარმაზარი ტერიტორიები ააოხრეს, სწორედ მოსულის შუა საუკუნეების ამ მეჩეთის მქადაგებლის კათედრიდან გამოაცხადა თავისი თავი „ხალიფად“, მუსულმანთა მმართველად.

GUARDIAN.GE