ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: უკრაინას სრულიად შეუძლია რუსეთთან ომის მოგება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება. ამის შესახებ მან BBC-ის უთხრა, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეუძლია თქმა იმისა, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან უკრაინელი ხალხის „უჩვეულო გამძლეობა“ შეაქო.

„მოსკოვის განზრახვაა შეეცადოს როგორმე დაამხოს მთავრობა და დანიშნოს თავისი მარიონეტი რეჟიმი, 45-მილიონიანი უკრაინა ამას, ამა თუ იმ გზით, არ დაუშვებს“, – განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ ომი უკვე აღარ მიდის ისე, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეიძლება ჰქონოდა დაგეგმილი.

ბლინკენი BBC-ის დიპლომატიურ კორესპონდენტს ბრიუსელში, თავისი ექვსდღიანი ტურნეს ფარგლებში, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. მან თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად და „რუსეთზე მტანჯველი ზეწოლის“ გასაძლიერებლად, რათა „დასრულდეს ეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო“.

შეკითხვაზე – რამდენად არის დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინამ შეიძლება გაიმარჯვოს – ბლინკენმა უპასუხა: „დროთა განმავლობაში, აბსოლუტურად“.

„მე არ შემიძლია გითხრათ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს. მე ვერ გეტყვით რამდენი ხანი დასჭირდება ამას. მაგრამ მოსაზრება, რომ რუსეთს შეუძლია თავის ნებაზე დაიმორჩილოს 45 მილიონი ადამიანი, რომლებიც მხურვალედ იბრძვიან თავიანთი მომავლისა და თავისუფლებისთვის, ეს არ მოიცავს იმას, რომ რუსეთს უკრაინაზე თავისი გავლენა აქვს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე თქვა, რომ რუსული ძალები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ „მზარდად სასტიკ“ მეთოდებს და ამის შედეგად უზარმაზარი ადამიანური ტანჯვის მომსწრენი ვართ.

guardian.ge