საქართველო

ემილ ხაჩატურიანი: „სომეხი ეროვნების მასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი წალკიდან, რომელმაც პროფესიული უნარების გამოცდა ჩავაბარე ქართულ ენაზე და ძალიან მაღალი ქულა მივიღე – 7 კრედიტი“

ემილ ხაჩატურიანმა 2000 წელს დაიწყო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და 2006 წელს, მას შემდეგ რაც სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ და დამოუკიდებელი ბიუჯეტები მიეცათ, ბუღალტრის თანამდებობაზეც დაინიშნა.

ხაჩატურიანმა სომხეთში, ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიოტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სტუდენტური ცხოვრების დასრულებით მისი გამოცდების ჩაბარების ეტაპი არ დასრულებულა, რადგან საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პედაგოგების ცხოვრება მყარად დაუკავშირდა გამოცდებს და პროფესიული და შესაბამისად, სახელფასო განაკვეთის ზრდის მიღწევის სურვილმა მათგან საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდების სათანადოდ ჩაბარების მოთხოვნა დააყენა დღის წესრიგში.

უფრო მეტიც, იმ პირობებში, როცა უკვე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სკოლებში ფაქტობრივად ადგილი არ რჩება და სულ მცირე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება იქცა მათთვის სამსახურის შენარჩუნების ერთადერთ გარანტად, სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილის მქონე პედაგოგებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ ამ სტატუსის მიღმა არ დარჩენილიყვნენ. ასეთების რიცხვშია ემილ ხაჩატურიანიც, რომელმაც 2016 წელს მათემატიკის გამოცდაში 10 კრედიტი მიიღო და 2017 წელს, ქართულ ენაზე, პროფესიული უნარების გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი

„სომეხი ეროვნების მასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი წალკის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც ორი წლის წინ პროფესიული უნარების გამოცდა ჩავაბარე ქართულ ენაზე და ძალიან მაღალი ქულა მივიღე – 7 კრედიტი. გამოცდა რომ სომხურ ენაზე ყოფილიყო, უფრო მეტ ქულას მივიღებდი. ამ გამოცდის ჩაბარება მოგეხსენებათ თვით ქართველ მასწავლებლებსაც უჭირთ. გავიარე ტრენინგები (10 კრედიტი), ასევე სხვა აქტივობები, ღია გაკვეთილები (4  კრედიტი), ჯამში 31 კრედიტ-ქულა მაქვს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებისთვის კი საკმარისი 19-ია და მე ამაზე 11-ით მეტი კრედიტ-ქულა გამაჩნია, ასე რომ, 2 წლის წინ უფროსი მასწავლებელი გავხდი“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ემილ ხაჩატურიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული ენის შესწავლაში დიდი დახმარება გაუწიეს ჩივთქილისის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლებმა, თუმცა რომ არა მისი მძლავრი მოტივაცია, შეესწავლა საქართველოს სახელმწიფო ენა, შედეგი სახეზე არ იქნებოდა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილის ჩატარების პროცესი. 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული ენის შესწავლაში ძალიან დამეხმარნენ ჩვენი სკოლის ქართული ენის მასწავლებლები – ანა ძიძიგური და რევაზ მარგიანი. ისინი ახლაც გვერდში უდგანან სხვა პედაგოგებს. მოგეხსენებათ, სპეციალური პროგრამა ფუნქციონირებს და დონეების მიხედვით მიმდინარეობს სომეხი პედაგოგებისთვის ქართული ენის სწავლება. მე ბ1 დონის გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ მაშინ, სამი წლის წინ, კრედიტ-ქულების გაცემა ამ მხრივ არ ხდებოდა.

„ქართული ენის შესწავლა დაახლოებით 4-5 წლის წინ დავიწყე, როცა უკვე 40 წელს გადაცილებული ვიყავი. თავიდან, წალკაში მოქმედი ზურაბ ჟვანიას ადმინისტრაციული სკოლის კურსები გავიარე, თუმცა იქ ძირითადად გრამატიკა ისწავლებოდა, შესაბამის გარემოსთან ინტენსიური შემხებლობის გარეშე კი, მოგეხსენებათ, ენის შესწავლა ძალზე რთულია. ძალიან რთული იყო ეს პროცესი და ამ ბარიერის გადალახვა. ჩვენ დროს სკოლებში ისეთ დონეზე არ იდგა ქართული ენის სწავლება, რომ შეგესწავლა ეს ენა. გითხრათ სიმართლე, ანბანიც კი დავიწყებული მქონდა, მაგრამ ადამიანისთვის არა ასაკი, არამედ მოტივაციაა უმთავრესი და თუკი მას რამე ძალზე სურს, ვფიქრობ, არაფერი შეუძლებელი არ არის. მე გავაცნობიერე, რომ საქართველოში ცხოვრებისა და სრულფასოვანი მოქალაქეობისათვის აუცილებელია იცოდე სახელმწიფო ენა. ახლა უკვე საქმის წარმოება მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობს, პროფესიულ უნარებშიც გამოცდები მხოლოდ ქართულ ენაზეა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ და აუცილებელია ქართული ენის ცოდნა. მოკლედ, მე ძლიერი მოტივაცია მქონდა. ახლა უკვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებასაც შევეცდები. არსებობს ასეთი გამოთქმა: ცუდია ის ჯარისკაცი, რომელსაც გენერლობა არ სურსო (იცინის).

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი

„ახლა 20 საათი მაქვს. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეთათვის 150-ლარიანი დანამატის მიღებისა და მთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი 25%-იანი დანამატის პირობებში, რაც უკვე წლებია ძალაშია, ყოველთვიურად 1 300 ლარზე მეტს ვიღებ. არადა, როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, 2000 წელს, მაშინ პირველი ხელფასი 45 ლარი ავიღე. იმ წლებში 12 საათი მქონდა მხოლოდ და ამ ოდენობის ხელფასს ვიღებდი – 45 ლარს“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ემილ ხაჩატურიანმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები

იგი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროცესმა ადეკვატურად მოახდინა პედაგოგების თავიანთი შესაძლებლობებისა და ცოდნის მიხედვით სელექცია.

„რეფორმას ძალიან დადებითად ვაფასებ, რადგან ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოავლინოს საკუთარი თავი. ბოდიში, მაგრამ თუკი შენ შენი საგნის ჩაბარება არ შეგიძლია, რა უფლება გაქვს, რომ სხვებს რამე ასწავლო. შენ უბრალოდ აფუჭებ მათ და ასევე ატყუებ. ატყუებ შენ თავსაც და ბავშვებსაც და აზიანებ თაობებს, ასე ვიტყოდი. გამოცდებით დგინდება, ვინ რა შესაძლებლობის და ცოდნის მატარებელია. თუკი ვერ ახერხებ შენს საგანში გამოცდის ჩაბარებას, არ უნდა დაელოდო განათლების სამინისტროს, თავად უნდა ადგე და წახვიდე სკოლიდან“, მიიჩნევს ემილ ხაჩატურიანი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის არც ისე ადვილია გამოცდებისთვის მზადება და ასეთი კატეგორიის პედაგოგებისთვის, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ან უარი თქვეს გამოცდებზე გასვლაზე, სახელმწიფოს მხრიდან ჯილდოს დაწესება, რაც მათი 2 წლის ხელფასით წინასწარ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, უაღრესად დასაფასებელი ნაბიჯია.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლა.

ემილ ხაჩატურიანი ამაყობს იმით, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში დანგრევის პირას მყოფი ჩივთქილისის საჯარო სკოლა დღეს, მისი დირექტორის, ქალბატონი ვართუი სარკსიანის შეუპოვრობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლაა.

„ძალიან რთული პერიოდი იყო, როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა. სკოლის შენობა ავარიული იყო. შენობა კი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რომელიც ამჟამად როგორც უყურებთ, გარემონტებულია, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აშენდა, საბჭოთა მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა იყო, და მოგვიანებით, მისი პრივატიზება უნდოდათ, მაგრამ ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა ვართუი სარკსიანმა მიაღწია და მეც გვერდით ვედექი მას, რომ შენობა ჩვენთვის გადმოეცათ. მაშინ ამ საკითხზე ქვემო ქართლის გუბერნატორთან, ლევან მამალაძესთანაც ვიყავით და ის დაგვეხმარა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი.

„ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ, დიდი შრომის ფასად, რომ შენობა სკოლის საკუთრება გამხდარიყო. ამის შემდეგ ყველაფერი ჩვენი სკოლის ბიუჯეტით გავაკეთეთ – ეტაპობრივად – ერთ წელს სახურავი, მერე რემონტი, ცენტრალური გათბობა, სტადიონი და წელს ავაშენეთ უკვე სააქტო დარბაზი. თუკი სახელმწიფო დაგვეხარება, რადგან მხოლოდ ჩვენი რესურსებით ამას ვერ შევძლებთ, სპორტდარბაზის აშენებაც გვინდა.

„მართალია პატარაა ჩვენი სკოლა, მაგრამ ძალზე მოხდენილი და ლამაზი და წალკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მზისქვეშეთში, ერთ-ერთ ყველაზე შორ და მიუვალ ადგილას ვცხოვრობთ (იცინის), გზები მოუწესრიგებელია, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებია სოფელში და ა.შ. – ჩვენი სკოლა ერთ-ერთი ნათელი წერტილია აქ.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: ხელმარცხნივ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი, მარჯვნივ მათემატიკის მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი

„ყველაფერი ეს, ჩვენი დირექტორის დამსახურებაა და ჩვენც ყველანი გვერდით ვედექით მას. დაახლოებით 300 000 – 400 000 ლარამდე მაინც არის დახარჯული ჯამში სკოლის კეთილმოწყობისთვის. მთვარია, თუკი ადამიანს გული შესტკივა თავისი სკოლისთვის, ფიქრობს არა მხოლოდ თავის ჯიბეზე, არამედ სკოლის მომავალზე, რა თქმა უნდა მიაღწევს წარმატებას.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი, რომელმაც ასევე წარმატებით ჩააბარა გამოცდები და უფროსი მასწავლებელი გახდა.

დღეს სახელმწიფომ მასწავლებლების შრომა ყველაზე უფრო მეტად დააფასა. მომავალი წლიდან ექიმებსაც გაეზრდებათ ხელფასი. ისინიც ბუნებრივია, ითხოვენ თავიანთი შრომის შესაბამის ანაზღაურებას და ამბობენ, რომ თუკი მასწავლებლებს გაეზარდათ ხელფასები, მათ რატომ არ უნდა გაზრდოდათ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ცუდი ექიმი ჯანმრთელობას აზიანებს, ხოლო ცუდი მასწავლებელი თაობებს. ამიტომ მასწავლებლების შრომა ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევია. მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ასე დააფასა მასწავლებლის პროფესია და ღირსეული ანაზღაურება მისცა პედაგოგებს“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ემილ ხაჩატურიანმა.