ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საჯარო მომსამსახურეთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების თემა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.
„ამისთვის საჭიროა პირობების შექმნა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ხალხი მოვიზიდოთ სახელმწიფო სამსახურში, ისინი მოვამზადოთ, მივცეთ მეტი განათლება და ჩავუტაროთ ტრენინგები, რათა მათ ბევრად უფრო კვალიფიციური და ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ იმ დახმარებისგან, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები გვაძლევენ. მსოფლიო ბანკი გვთავაზობს კონსულტაციების გამართვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საჯარო სამსახურში მოხელეების კვალიფიკაციის საგრძნობ ზრდას მივაღწიოთ“, განაცხადა ქობულიამ, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.