საქართველო

ეკონომიკის მინისტრი „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია. მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესი“ არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყარო, რომელიც ასაზრდოებს საქართველოს და ელექტრობაზარს დიდი მოცულობით – 40 – 50 პროცენტით აწვდის ჰიდრორესურსებს. ეს არის ძალიან ძვირფასი ენერგია ჩვენთვისაც და ჩვენი აფხაზი ძმებისა და დებისთვის, რადგან „ენგურჰესი“ არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე, რადგან ამ დროს იმატებს წყლის რესურსები და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს „ენგურჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე გაზრდილი სიმძლავრით.

„მანამდე წყალი არის ყველაზე დაბალი და ყველაზე სწორი დრო იქნა შერჩეული იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი არ დაზარალდეს, მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ეს უნიკალური ნაგებობა განახლდეს და კიდევ მრავალი წელი მოემსახუროს საქართველოს მოსახლეობას“ – განაცხადა მინისტრმა.

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

„ენგურჰესი“ არის უნიკალური ნაგებობა და დღესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ტოპ-ათეულშია. ჰესი გაშვებულია 70-იანი წლების ბოლოს და მას მერე გვირაბის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. იყო რამდენიმე რემონტი, მაგრამ დღეს რაც კეთდება, ეს არის მართლაც უახლესი ტექნოლოგიები. სამუშაოებს ატარებს ქართული კომპანია, პროცესში ასევე ჩართულები არიან გერმანელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ამ რაიონის მაცხოვრებლები არიან“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ენგურჰესში“ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი ჯონი ჭანია.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.