საქართველო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის რანგში, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაში მონაწილეობს.

ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას ასევე უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს და მასზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზები.

საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით.