საქართველო

ეკა ბესელია: „ქართული ოცნება“ 1-ელი ოქტომბრის იდეალებს ასცდა… მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა“

„მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლოების უმრავლესობა.. სამართალი, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანობა“, განაცხადა ეკა ბესელიამ და დაამატა, რომ „ქართული ოცნება“ 1-ელი ოქტომბრის იდეალებს ასცდა.

ბესელიამ თქვა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ ემოციური და რთული იყო და დასძინა, რომ პარლამენტში პოლიტიკურ ბრძოლას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას ეკა ბესელია პარლამენტში ამ წუთებში აკეთებს.

პარლამენტმა ეკა ბესელიას ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, კენჭი 21 თებერვალს უყარა და მხარი არ დაუჭირა. 45 მომხრე – 17 წინააღმდეგი – ასე დაფიქსირდა ხმები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ჩატარებულ კენჭისყრაზე.

„ძალიან რთულია და ძალიან ემოციურია ჩემთვის და ამვდროულად, საპასუხისმგებლოა ის, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც არის ჯერ კიდევ იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ – სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. ჩვენ, ყველას ერთად – უმრავლესობას თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რისთვისაც პირველი ოქტომბერი მოვიდა, ან ადგილიდან უნდა დავძრათ და სადაც არ უნდა ვიყოთ – ნებისმიერი ადგილიდან ეს არის გასაკეთებელი.

რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება – სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი – მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ, იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს.

ჩვენ ეს შეფასება 2016 წელს გავაკეთეთ, უფრო ადრეც გავაკეთეთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბერიც ამ სახელის დარქმევა იყო, მაგრამ „ქართული ოცნება 1-ლი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. ჩვენ გვაქვს დღეს ღირებულებათა სხვაობა. ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველა მცდელობა, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების” შიგნით და საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი. თავის დროზე, როდესაც მე პოლიტიკაში წავედი ჩემი პროფესიიდან, მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლოს არარსებობა. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და გრძელდება დღესაც.

რა უნდა გავაკეთოთ, რა მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს, რის მიღწევას ვცდილობდი ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი პარტიის შიგნით სასამართლო რეფორმის კუთხით – პირველი – ხალხს უნდა ვკითხოთ, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მოსამართლეთა უვადოდ განწესებას, იმ მოსამართლეთა განწესებას, რომლებიც იყვნენ იმ სისასტიკის და იმ არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედნი და კონსტიტუციური ცვლილება დავიწყოთ, მაათ შორის, ეს ცვლილება უნდა შეეხოთ იმათაც, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი მათ მიმართ, ვინც უკვე განაწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართაც, ვინც უნდა განაწესოს. მეორე – იუსტიციის საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწარაფესად. მესამე – იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. უნდა დაკომპლექტდეს საბჭო ახალი შემადგენლობით და დაბალანსებული კონფიგურაციით. მეხუთე – უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ რეჟიმთან, არ იყვნენ მათი მსახურნი.

დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ხდება ისევ ამ ინტერესების ლობირება და ამას ვხედავთ ღიად პარლამენტის თავმჯდომარის და იმ ადამიანების სახით, რომლებიც მე არასდროს არ მინახავს იმ ბრძლაში, როდესაც მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები წლების განამვლობაში ვცდილობდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას.

ამიტომ, შეიძლება ჩემი ეს გადაწყვეტილება არის რთული ჩემთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც. ვაპირებ გავაგრძელო სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასოდეს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასოდეს არ უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასოდეს არ აურჩევია კომფორტი და თანამდებობა და არასოდეს არ უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ამ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვის 1-ლი ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება, ალბათ, უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს,”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

guardian.ge