საქართველო

ეკა ბესელია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, სადამსჯელო აქტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურება. ბესელია მიიჩნევს, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს.

„ფრაქციის მიერ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევა არ მიმაჩნია სწორად, ეს ჰგავს სადამსჯელო გადაწყვეტილებას. გედევან ფოფხაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა და მისი გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, ეს არის სადამსჯელო აქტი, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ცუდად ახასიათებს ამ გადაწყვეტილების მიმღებს და მგონია, რომ ასეთი სადამსჯელო, ძალიან უხეში მოქმედებით ზიანდება საერთო საქმე”, უთხრა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის გადმოყვანა ბევრად ადრე იგეგმებოდა და შეთანხმებული იყო.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი არჩევა არ იყო გუნდთან შეთანხმებული.