საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გაეროს ბავშთა ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გაეროს ბავშვთა ფონდმა სამინისტროს ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევის შედეგები  წარუდგინა. კვლევის მიზანს კოვიდ 19-ის პირობებში სოციალური დაცვის სისტემის მზაობის და სიღარიბის მაჩვენებლებზე მისი გავლენის შეფასება წარმოადგენდა.

მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა კვლევის მნიშვნელობაზე და მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს.   მხარეებმა განიხილეს კვლევის შედეგები და ტენდენციები. შეხვედრის მონაწილეებმა კვლევაში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრისთვის გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა სამინისტროს წარმომადგენლებს იმ ახალი პროექტის „სასკოლო კვების პროგრამა“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის პილოტირებაც 2021 წლის სექტემბერში დაიწყება. ეკატერინე ტიკარაძემ მნიშვნელოვნად და დადებითად შეაფასა ფონდის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტი და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.