საქართველო

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს და მეორე ტურებშიც არ მიიღებს მონაწილეობას

„ევროპული საქართველო“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.


როგორც პარტიის წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა „ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.“

„არჩევნები, სადაც პარტიული სახელმწიფო იყო ჩართული, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს მანდატებზე, „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და არც მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას“, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი გაყალბებულია და არალეგიტიმურობის გამო მალე ჩამოიშლება.

„დღეს, აი ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა, ნიშნავს პირდაპირ არა პარლამენტში შესვლას, არამედ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არის – სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენთაგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი: პირველი, რასაც ვითხოვთ პატიოსანი და სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი თავისი არალეგიტიმურობის და აბსურდულობის გამო აუცილებლად ძალიან მალე ჩამოიშლება,“ – აცხადებს გიგი უგულავა.