საქართველო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს აგზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მედიაციით წარმართულ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

გავრცელებული განცხადების თანახმად, კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიენიჭა, რათა ჩაერთოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის ძალისხმევაში საქართველოში, რაც თბილისში 1 მარტს პრეზიდენტ მიშელის ვიზიტისას დაწყებული პოლიტიკური დიალოგის განახლებას ითვალისწინებს.

როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნული, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მედიაციას განახორციელებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში, მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამჟამიმდენლი პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად.

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რაც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებშია, რათა ქვეყანამ შეძლოს მის პროევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა“, ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს, ის ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.