საქართველო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრისა და განცხადებების გაკეთების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას. პრემიერ მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“,- აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.