საქართველო

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა

„დღეს ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ამიერიდან, შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას მათ ვიზა დასჭირდებათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ არის დამტკიცებული, – ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

მასში ნათქვამია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საპასუხოდ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმით ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და სისტემატური დარღვევებისთვის დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში.

„ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება და საერთო ფასეულობების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა 2024 წლის ოქტომბრიდან, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება.

გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი ქვეყნების საკონსულოებისა და სასაზღვრო სამსახურებისთვის გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების მიზნით:

რეკომენდებულია ევროკავშირის საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ გაძლიერებული კონტროლის დაწესება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური მიზნით მგზავრობისას აუცილებლად დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით უნდა ისარგებლონ (რომელზეც უკვე ვიზა იქნება საჭირო). წესების დარღვევამ შესაძლოა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის შემოწმება ეროვნულ და ევროპულ ბაზებში (VIS, SIS და ა.შ.).

დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის გაცემისას რეკომენდებულია საფუძვლიანი შემოწმება, გასაუბრების ჩატარება და დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ვიზის გაცემაზე უარი უნდა ითქვას.

დროებითი შეჩერება ძალაში შედის დღეს და გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე. თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღმოფხვრის მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრობლემებს, კომისიას შეუძლია შეჩერების ვადა 24 თვემდე გაახანგრძლივოს. გარდა ამისა, კომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელების შესახებ. ამ პერიოდში ვითარების გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მოუწოდებს მათ, კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ პროცესში.

სახელმძღვანელო მითითებები წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საბჭოში 27 მარტს („სავიზო სამუშაო ჯგუფი“) წარედგინება. კომისია, წევრ ქვეყნებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება მათ იმპლემენტაციას“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.