უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, – ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიამ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.
„კომისიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და შეასრულოს მისი რეკომენდაციები. ამის მიუხედავად, საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, „საქართველოში უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მექანიზმი ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს.
„ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.
ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში. ორმხრივი ვიზების გამონაკლისი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის მეტად აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც ვიზა სჭირდებათ“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროკავშირთან სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან, ხოლო 2024–2025 წლებში საქართველომ კიდევ უფრო უკან გადადგა ნაბიჯები, მიუხედავად ევროკომისიის არაერთგზის რეკომენდაციებისა. ამასთან ერთად, ევროკომისია კვლავ პრობლემურად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა შემცირებულია“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნახსენებია „საქართველოში არსებული უსაფრთხოების ახალი რისკები“ და აღნიშნულია, რომ ეს „დაკავშირებულია რუსეთის გავლენასთან“.
„მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორების უმეტესობა ასრულებს ანტიკორუფციულ ვალდებულებებს, საქართველომ ადრე გატარებული რეფორმების ნაწილი გააუქმა. ასევე არსებობს დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ყალბი ან თაღლითურად მიღებული პასპორტები და პირადობის მონაცემების შეცვლა, რაც ევროკავშირის უსაფრთხოების შემოწმებების თავიდან არიდებისთვის გამოიყენება. ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას, რათა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სანდოობა იყოს დაცული“, – აცხადებენ ევროკომისიაში.
ანგარიშში შემდგომ ნაბიჯებად დასახელებულია ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გაგრძელება და ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოსთვის ყოველწლიურად ანგარიშის წარდგენა.

