ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ევროკავშირმა უარი უთხრა ტერეზა მეის „ბრექსიტის“ შეთანხმების შესახებ ხელახალი მოლაპარაკებების გამართვაზე

ევროპის კავშირის ლიდერების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის („ბრექსიტის“) შეთანხმება „ხელახალი მოლაპარაკებებისთვის ღია არ არის“, იმის მიუხედავად, რომ ტერეზა მეი ამ მოთხოვნით მიმართავს მათ, იტყობინება BBC.

ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად და „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩასულ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს სურდა ლიდერებისაგან კანონიერი გარანტიები მიეღო ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სამშაბათს თემთა პალატაში „ბრექსიტის“ გარიგების თაობაზე „კატასტროფული მარცხის“ მოლოდინის გამო გაუქმებული კენჭისყრის შემდეგ ბრიუსელთან ერთხელ უკვე მიღწეული შეთანხმების პარლამენტში გატანასა და დამაჯერებელი მხარდაჭერის მოპოვებაში, მით უფრო იმ ფონზე, როცა ორად დაყოფილ მმართველ „კონსერვატიულ პარტიაში“ დაძაბულობები კიდევ უფრო მეტად მატულობს მას შემდეგ, რაც ოთხშაბათ საღამოს უესტმინისტერში ტერეზა მეის ნდობის კენჭისყრისას გამოჩნდა რომ – მართალია მეიმ პარტიის ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ მინისტრის პოსტიც შეინარჩუნა, მაგრამ – „ტორების“ 317 დეპუტატიდან მის წინააღმდეგ ხმა 117-მა მისცა.

მეიმ განაცხადა, რომ გარიგება „რისკის ქვეშაა“ თუკი „კონსერვატორი“ დეპუტატების წუხილებს პასუხი არ გაეცემა, თუმცა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ „ბრექსიტის“ უკვე მიღწეულ შეთანხმებაში შესაძლოა ახსნა-განმარტებები შევიდეს, მაგრამ მისი ხელახალი განხილვა არ მოხდება.

ჟან-კლოდ იუნკერმა დაჟინებით მოუწოდა დიდ ბრიტანეთს უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თუ რა სურს მას და დაამატა, რომ კომისია 19 დეკემბერს გამოაქვეყნებს ინფორმაციას „ბრექსიტის“ შეუთანხმებლობისთვის მის მზადებასთან დაკავშირებით. (ბრექსიტის შეუთანხმებლობა ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს არ ექნებათ შესაძლებლობა მიაღწიონ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შეთანხმებას და თუკი პროცესი ასე წარიმართა, ტრანზიციის 21-თვიანი პერიოდი აღარ იქნება).

ტერეზა მეისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ბრექსიტის“ არსებულ შეთანხმებაში ის ცვლილებები შევიდეს, რასაც მისი თანაპარტიელი აჯანყებული დეპუტატები ითხოვენ, რათა დოკუმენტმა თემთა პალატაში მხარდაჭერა მიიღოს, სხვა შემთხვევაში, ანუ თუკი ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრით არ იქნება დადასტურებული „ბრექსიტის“ შეთანხმება, მაშინ მას კანონის ძალა აღარ ექნება.

ტერეზა მეი „ბრექსიტის“ ხელახალი შეთანხმების პარლამენტში გატანას, რის საფუძველზეც დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტს უნდა დატოვოს ევროკავშირი, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დღის წესრიგად მიიჩნევს და სწორედ ამ მისიის შესრულების პირობა დადო მან ოთხშაბათს ნდობის კენჭისყრამდე „კონსერვატორ“ დეპუტატებთან ემოციური შეხვედრისას, სადაც ხაზგასმით უთხრა მათ, რომ ახლა სჭირდებოდა მათგან მხარდაჭერა მისი მთავარი პოლიტიკური მიზნის, ბრიტანელი ხალხის მიერ 2016 წლის რეფერენდუმზე გამოხატული ნების შესასრულებლად, ხოლო შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე იგი გადადგებოდა და არ უხელმძღვანელებდა „კონსერვატიულ პარტიას“.

მეიმ ბრიუსელში ხუთშაბათს თქვა, რომ პარტია ამჯობინებს „იმ არჩევნებზე სხვა ლიდერით წარსდგეს“.

მეიმ ნდობის კენჭისყრაში გამარჯვება მოიპოვა – 200 ხმით 117-ის წინააღმდეგ, მაგრამ პირობა დადო, რომ მოუსმენს „ტორების“ დეპუტატთა იმ 37%-ის წუხილებს, რომელთაც მას ხმა არ მისცეს.

დიდ ბრიტანეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.

BBC-ის ცნობით, მეიმ ხუთშაბათს განაცხადა: „მე მთელი ჩემი გულით ვთქვი, რომ დიდად მოხარული ვიქნებოდი, რომ შემძლებოდა მეხელმძღვანელა „კონსერვატიული პარტიისთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მართებულია პარტიის შეგრძნება, რომ მათ ამჯობინონ ამ არჩევნებზე სხვა ლიდერით წავიდნენ“.

შეკითხვაზე, გადადგება თუ არა „ბრექსიტის“ შემდეგ, მან პირდაპირი პასუხი არ გასცა და თავი შეიკავა თარიღების დასახლებისაგან, მაგრამ აღნიშნა: „ის, რაშიც მკაფიოდ ვარ ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელსაა და ვფიქრობ, მართებულია, რომ პარტიის ხვა ლიდერი გაგვიძღვეს ამ საპარლამენტო არჩევნებზე“.

guardian.ge