ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ევროკავშირი, კიევში გამართულ სამიტზე, უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ევროკავშირი, კიევში გამართულ ისტორიულ სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ატარებს სამიტს ომში მყოფ ქვეყანაში. და ის ფაქტი, რომ კომისიის უმეტესობა ჩავიდა კიევში ამ ღონისძიებისთვის, თავისთავად ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მიმართ“, – განუცხდა კამილ გრანდმა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ახლა ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის თანამშრომელმა „Euronews“-ს და დაამატა: „ასე რომ, ეს არის ის, რაც ღირებულია და ვფიქრობ, რომ თავად უკრაინელები აფასებენ ამას. და მოდით, გავიხსენოთ, რომ მთელი ეს საუბარი დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინის მოსახლეობამ „მეიდანზე“ გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. ამგვარად, ვფიქრობ, ეს თავისთავად ძალიან პოზიტიური სიგნალია“.

როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის შედეგი ჩამოუვარდებოდა კიევის მოთხოვნებს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცესის შესახებ. მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა შეაქეს უკრაინის ერთგულება აღებული ვალდებულებებისადმი და აქამდე მიღწეული პროგრესი. ამან ხელი არ შეუშალა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თავისი მედგარი პოზიციიის დაფიქსირებისა და იმის ხაზგასმისაგან, რომ ბლოკში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები „ამ წელს“ უნდა დაიწყოს. სამიტამდე ერთი დღით ადრე კი, თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ უკრაინა უკვე „იმსახურებს“ ასეთ ეტაპამდე მიღწევას.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი, პარასკევს კიევში ჩასვლისას „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინას „ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერენ“.

უკრაინას სრულუფლებიანი კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მიენიჭა და კიევმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა იმედი, რომ 2026 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. თუმცა, ევროკავშირს არ აუღია ვალდებულება რაიმე თარიღის თაობაზე, სამაგიეროდ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა გააძლიეროს ბრძოლა ენდემური კორუფციის წინააღმდეგ, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმირება, რათა გაათავისუფლოს იგი პოლიტიკური ჩარევისგან და გააძლიეროს თავისი ეკონომიკა. იმავდროულად, საუბარი უკრაინული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას შეეხო.

ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნები არ ეთანხმებიან კიევისადმი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ გამოხატულ პოზიციას, გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თაობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ გაწევრიანების პროცესს შეიძლება „ათწლეულებიც“ კი დასჭირდეს, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა კი გააფრთხილა კიევი, რომ ბლოკი არ გადაუხვევს თავის მეთოდოლოგიას.

სამიტის ბოლოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს უკრაინის „მნიშვნელოვან ძალისხმევებს“ მისი მიზნების მისაღწევად, მიესალმება მის რეფორმების ძალისხმევებს „რთულ დროში“ და წაახალისებს მისი წევრობის განაცხადს.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესების პირიბას დებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე სანქციების მეათე რაუნდის გამოცხადების პირობა დადო. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და „დიდი შვიდეული“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს გეგმის საბოლოო დეტალებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთში წარმოებული გადამუშავებული ნავთობპროდუქტების საზღვაო ვაჭრობაზე საფასურის ზღვარი დაწესდება. ანალოგიურმა ინიციატივამ საზღვაო გადაზიდვაში მოქცეული რუსული ნედლი ნავთობის ფასი შეზღუდა.

ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსეთის საკუთრებაში არსებული აქტივების ჩამორთმევის გზებს, რომლებიც გაყინულია სანქციების ცხრა პაკეტის ფარგლებში, მათ შორისაა მილიარდობით სავალუტო რეზერვი, რომელსაც რუსეთის ცენტრალური ბანკი ფლობს. „ჩვენ ვაიძულებთ პუტინს, გადაიხადოს მის მიერ წარმოებული სასტიკი ომისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კონფისკაციის გზით მოპოვებული დამატებითი თანხები უკრაინის აღმშენებლობისთვის იქნება განკუთვნილი, რომელიც ევროკომისიის შეფასებით, სულ მცირე 600 მილიარდ ევროს შეადგენს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეტი სადამსჯელო ზომების მიღება მოითხოვა.

ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ გაორმაგდება უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომელსაც ევროკავშირი გაწვრთნის წელს დ ამათი რაოდენობა 30 000-ამდე ავა. ამასთან, დაჰპირდა 25 მილიონ ევროს უკრაინის მიერ ხელში ჩაგდებული ტერიტორიების განაღმვისთვის.

ბლოკმა უკვე გამოყო თითქმის 60 მილიარდი ევროს დახმარება უკრაინისთვის, მათ შორის თითქმის 12 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერა და 18 მილიარდი ევრო, რათა დაეხმაროს ქვეყნის მართვას წელს. დიდი ყურადღება გამახვილდა სამხედრო მხარდაჭერაზე. ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა დამატებითი 500 მილიონი ევრო, როგორც მეშვიდე პაკეტის ნაწილი.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაწეულ სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო მხარდაჭერა დაახლოებით 12 მილიარდ ევროს შეადგენს“, – ნათქვამია სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ „Euronews“-ზე დაყრდნობით