საქართველო

„ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებით – დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52% გრიგოლ ვაშაძეს, 48% – სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმას

„ედისონ რისერჩი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგი ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2″-მა გაასაჯაროვა.

შეკითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 37%;

მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 35%.

„რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, ალოკაციის გათვალისწინებით, იგივე შეკითხვაზე მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

გრიგოლ ვაშაძე – 45%;

სალომე ზურაბიშვილი – 42%.

ტელეკომპანია ორგანიზაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარჩენილ 13%-ში არიან ისეთი რესპოდენტები, რომლებსაც არ აქვთ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე და შესაბამისად, თუ შედეგებს გადაუწყვეტელი და უარისმთქმელი პასუხები ჩამოშორდება, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:

გრიგოლ ვაშაძე – 52%;

სალომე ზურაბიშვილი – 48%.

ორგანიზაციამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხა.

„ედისონ რისერჩს“ სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2″-მა დაუკვეთა.