საქართველო

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდა

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საპატრულო პოლიცია მეტროში პირბადის გარეშე მოქალაქეებს არ შეუშვებს.

მისივე თქმით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, როგორც მერი აღნიშნავს, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერდა.