საქართველო

დღეიდან თბილისის საპატრულო ეკიპაჟები ახალი სამხრე კამერებით აღიჭურვებიან

პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დღეიდან თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა.

მისივე თქმით, მონაცემები, კამერების დატვირთვის დროს, პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე.

„ეს აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც, მოგეხსენებათ, წარსულში ყოველთვის იყო გარკვეული სპეკულაციის საგანი. მინდა, ყველა პოლიციელს მივულოცო დღევანელი დღე. ჩვენი მოქალაქეების მომსახურება, უსაფრთხოება არის უმაღლესი პრიორიტეტი და ის სტანდარტები, რომლებიც დღეს ამ მომსახურების ცენტრშია, მათ შორის სამხრე კამერები, არის მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტის. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ ყველაზე საუკეთესო არა”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.