მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ „რესპუბლიკური პარტიიდან“ მონაწილეობის მინიშნება გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად „დემოკრატ“ ჯო ბაიდენის გახდომის შემდეგ საჯაროდ პირველად წარმოთქმულ სიტყვაში, ფლორიდაში, კონსერვატიულ კონფერენციაზე,  განაცხადა, რომ მას არ აქვს ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმები, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ ხმების დაყოფას გამოიწვევდა, თუმცა მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა, 2024 წელს კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად.

ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი შემცვლელი და თქვა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა – „ამერიკა უპირველეს ყოვლისადან“ – „ამერიკა ბოლო ყოვლისად“ შეიცვალა.

ტრამპი, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სენატმა, სადაც წარმომადგენელთა პალატაში მისთვის გამოცხადებული იმპიჩმენტის შემდეგ, პროცესი მაინც გრძელდებოდა, გაამართლა, და ჯერჯერობით პირველ პრეზიდენტად რჩება ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს, და ასევე, პირველ ლიდერად, რომლის იმპიჩმენტსაც კონგრესის ზედა პალატაში – სენატში ვადის ამოწურვის შემდეგ უყარეს კენჭი. ტრამპისთვის იმპიჩმენტის პროცესი სენატში რომ მარცხით დასრულებულიყო, მას სამუდამოდ აეკრძალებოდა უმაღლესი თანამდებობის დაკავება, თუმცა იგი გამართლდა.

ყოფილ პრეზიდენტს, 6 იანვარს აშშ-ის კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრის თაობაზე გაკეთებული კომენტარის გამო, დღემდე აკრძალული აქვს სოციალური მედია პლატფორმებით, მათ შორის „ფეისბუქით“ და „თვითერით“ სარგებლობა. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ იგი ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს გოლფის კურორტზე ცხოვრობს.

რა თქვა ტრამპმა?

როგორც BBC იუწყება, 74 წლის ყოფილ პრეზიდენტს შეძახილებითა და ოვაციებით შეეგებნენ მხარდამჭერები, როდესაც იგი სასტუმრო Hyatt Regency-ში, სცენაზე 1 საათზე მეტი დაგვიანების შემდეგ გამოჩნდა. შეკრებილებიდან ბევრს არ ეკეთა ნიღაბი.

„მე აქ თქვენ წინაშე ვდგავარ იმისათვის, რომ გამოვაცხადო – დაუჯერებელი მოგზაურობა, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 4 წლის წინ, შორს არის დასრულებისაგან“, თქვა ტრამპმა.

„ჩვენ ამ შუადღისას ვიკრიბებით იმისათვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ – ჩვენი მოძრაობის მომავალზე, ჩვენი პარტიის მომავალზე და ჩვენი საყვარელი ქვეყნის მომავალზე“.

მან უარყო ყოველგვარი იდეა, რომ შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია წამოიწყოს და აღნიშნულ მითქმა-მოთქმას, რომ იგი ამას გააკეთებდა, „ყალბი ახალი ამბები“ უწოდა.

„არ იქნებოდა ეს ჩინებული? მოდი დავიწყოთ ახალი პარტია და გავყოთ ჩვენი ხმები, რომ ვერასდროს ვერ გავიმარჯვოთ“, იხუმრა მან და განაგრძო: „ჩვენ გვაქვს „რესპუბლიკური პარტია“. ის გაერთიანდება და იქნება იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა თავის კონკურენტ „დემოკრატ“ ჯო ბაიდენთან წააგო, თუმცა ამას იგი არ აღიარებს და არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, და მიუხედავად იმისა, რომ იგი 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ იგი მაინც უაღრესად პოპულარული რჩება თავის ამომრჩევლებში. როგორც BBC იტყობინება, გასულ კვირას, აშშ-ში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრამპის მხარდამჭერების გამოკითხულთა 46 პროცენტი მას მისცემდა ხმას თუკი ის დატოვებდა „რესპუბლიკელებს“ და თავის პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებდა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნოემბრის არჩევნები „დემოკრატებთან“ იმის გამო წააგო, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნების მოპარვას. მან მიანიშნა, რომ 2024 წლის არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს.

„ფაქტობრივად, თქვენ იცით, რომ მათ უბრალოდ წააგეს თეთრი სახლისათვის ბრძოლა. მაგრამ ვინ იცის, ვინ იცის? მე შესაძლოა გადავწყვიტო, მესამედ დავამარცხო ისინი, კარგი?“- თქვა ტრამპმა.

მან გაკიცხა ახალი ადმინისტრაცია და გააკრიტიკა ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე თვეებში შემუშავებული იმიგრაციისა და საზღვრის უსაფრთხოების მკაცრი პოლიტიკიდან გადახვევის გამო.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცუდი იქნებოდა, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენად ცუდები იქნებოდნენ ისინი და რამდენად შორს წავიდოდნენ“, უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს.

GUARDIAN.GE