სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ხელს ართმევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერ-რიადში, საუდის არაბეთში, 2025 წლის 14 მაისი. ბანდარ ალჯალუდი/საუდის სამეფო სასახლე AP
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანებას. ამის შესახებ „ეი-ბი-სი ნიუსი“ წერს.
სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში, თუმცა კვლავ სანქცირებულები დარჩებიან ქვეყნიდან გაქცეული სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მასთან დაკავშირებული პირები.
ასევე, შეზღუდვები იმოქმედებს „ადამიანის უფლებათა დამრღვევების, ნარკომოვაჭრეებისა და ქიმიური იარაღის, ISIS-ის ან მისი მხარდაჭერი პირების, ასევე მათი ირანელი შუამავლების წინააღმდეგ“.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ასევე ითვალისწინებს გარკვეულ საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქებას და აუქმებს სირიისთვის საგარეო დახმარების შეზღუდვებს, ასევე სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას „ტერორისტის“ სტატუსის გადახედვას.
„პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ სირიამ მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ არა აშშ-ის ინტერესების ხარჯზე“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
მაისში, საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნიდა. როგორც ტრამპმა მაშინ აღნიშნა, სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

