მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვს თეთრ სახლში უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა (2017 წლი მაისში გამართული შეხვედრის ფოტო). შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ განსხვავებული კომენტარები გააკეთეს იმის თაობაზე თუ რა საკითხები იქნა განხილული.

ლავროვი ვაშინგტონში ტრამპს მანამდე 2017 წლის მაისში შეხვდა და მაშინდელისგან განსხვავებით პრესა ახლანდელ პირისპირ შეხვედრას არ დაასწრეს და მხოლოდ თეთრი სახლის მიერ შედგენილი განცხადება გააცნეს, რომელშიც წერია, რომ არაერთი საკითხის განხილვასთან ერთად „პრეზიდენტმა ტრამპმა გააფრთხილა [ლავროვი] რუსეთის ნებისმიერი მცდელობების წინააღმდეგ ჩაერიოს შეერთებული შტატების არჩევნებში“.

იმავე დღეს, მოგვიანებით, რუსეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ლავროვმა თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა: „არა, ჩვენ ფაქტობრივად არც კი განგვიხილავს არჩევნები“.

ლავროვმა ასევე შეხვედრა გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან მაიკ პომპეოსთან და საჯაროდ არ დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმაში, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში.

„ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის საკითხზე მე მკაფიო ვიყავი, რომ ეს მიუღებელია და რუსეთზე ჩვენი მოლოდინები მე ნათლად გამოვხატე. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის იმუშავებს რომ დაიცვას ჩვენი არჩევნების ერთიანობა. თუკი რუსეთი ან ნებისმიერი უცხო აქტორი გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი დემოკრატიული პროცესების ძირის გამოსათხრელად, ჩვენ საპასუხო ქმედებებს განვახორციელებთ“, განაცხადა მაიკ პომპეომ.

ლავროვმა უარყო ბრალდებები და მას უსაფუძვლო უწოდა.

„არ არსებობს ფაქტები, რომელიც ამას გაამყარებს. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ფაქტებს. არავის არ მოუცია ჩვენთვის ამის დამამტკიცებელი სამხილი, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, ის არ არსებობს“, განაცხადა ლავროვმა.

guardian.ge