მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა – „ნუ გვცდი ჩვენ“

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ ნუ შეაფასებს არასათანადოდ ამერიკას და მის მოკავშირეებს. „ნუ გვცდი ჩვენ“, განაცხადა მან, მაშინ როცა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების „ბნელი ფანტაზია“.

მან კიმს თავის სიტყვაში მიმართა და განაცხადა: „ირაღს, რომელსაც შენ იძენ, უფრო უსაფრთხოს კი არ გხდის, არამედ ის შენს რეჟიმს სერიოზულ საფრთხეში აგდებს“.

როგორც BBC იუწყება, ტრამპმა, რომელიც აზიურ ტურნეს განაგრძობს და სამხრეთ კორეაში ორდღიან ვიზიტად იმყოფება, თავისი სიტყვა სეულში იმით დაიწყო, თუ რაოდენ წარმატებებს მიაღწია სამხრეთმა, ჩრდილოეთთან შედარებით, კორეის ომის შემდეგ. ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობა კი მან „ისტორიის ლაბორატორიაში ტრაგიკულ ექსპერიმენტს“ შეადარა.

მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა „სამხედრო კულტით“ იმართება, რომელსაც თან ახლავს „ავადმყოფური რწმენა ლიდერების ბედ-იღბლისადმი, იმბრძანებლონ როგორც მშობელმა-დამცველებმა დაპყრობილ კორეულ ნახევარკუნძულსა და დამონებულ კორეელ ხალხზე“.

ტრამპმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მაშინ როცა მან შესაძლოა აშშ-ის წარსული თავდაჭერილობის, როგორც სისუსტის ინტერპრეტაცია მოახდინა, ახლა შეერთებულ შტატებს სხვა ადმინისტრაცია ჰყავს და დაჟინებით მოუწოდა კიმ ჩენ ინს ხელი აიღოს ბირთვულ იარაღზე.

„ჩრდილოეთ კორეა არ არის სამოთხე, რომელიც შენს ბაბუას ჰქონდა წარმოდგენილი. ის ჯოჯოხეთია, რომელსაც არც ერთი პერსონა არ იმსახურებს“, განაცხადა მან, იგულისხმა რა კიმ სენ ირი, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელი და კიმ ჩენ ინის ბაბუა.

ტრამპმა ასევე მოუწოდა დანარჩენ მსოფლიოს, საიდანაც განსაკუთრებით ჩინეთი და რუსეთი გამოყო, განახორციელოს ზეწოლა ფხენიანზე, რომ იძულებული გახადოს ის, მიატოვოს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები.

„მსოფლიო ვერ იქნება შემწყნარებელი იმ რეჟიმისადმი, რომელიც ემუქრება მას ბირთვული განადგურებით. ყველა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ძალები ჩრდილოეთ კორეის მხეცური რეჟიმის იზოლაციისთვის, უარი თქვას ნებისმიერი ფორმის მხარდაჭერაზე, მომარაგებასა თუ მოწონებაზე“, განაცხადა მან.

უფრო ადრე, ოთხშაბათს, ტრამპი იძულებული გახდა, ცუდი ამინდის გამო, ხელი აეღო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში ვიზიტზე.

ტრამპის ვერტმფრენი სეულში მდებარე შეერთებული შტატების არმიის გარისონ იონგსანის ბაზიდან აფრინდა, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა, განაცხადეს ამერიკის ოფიციალურმა პირებმა.

GUARDIAN.GE