მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა მთავრობის ხელახლა გახსნის კანონპროექტს მოაწერა ხელი, რითაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით, 209-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო.

დემოკრატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მთავრობის ხელახლა გახსნას, იყვნენ: ჯარედ გოლდენი, ადამ გრეი, მარი გლუზენკამპ პერესი, ჰენრი კუელარი, ტომ სუოზი და დონ დეივისი.

შეთანხმება, რომელმაც კონგრესში რეკორდული 43-დღიანი ჩიხური მდგომარეობა დაასრულა, ასევე გააუქმებს მასობრივ ფედერალურ გათავისუფლებებს, რომელიც ტრამპმა მთავრობის დახურვის დროს განახორციელა. ეს გზას უხსნის ხელფასების გაცემას სახელმწიფო თანამშრომლებისთვის, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებისა და კვების სერვისების აღდგენას, რომელზეც ათობით მილიონი ამერიკელია დამოკიდებული.