მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე შეერთებულ შტატებში მიიწვია, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

სარა სანდერსმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ვიზიტის შესახებ განხილვები უკვე მიმდინარეობს.

ტრამპმა პუტინთან ჰელსინკში გამართულ შეხვედრას „დიდი წარმატება“ უწოდა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან მეორედ შეხვედრას.

„სამიტი დიდი წარმატება იყო, გარდა ხალხის ნამდვილი მტრის, ყალბი მედიისთვის. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს მეორე შეხვედრას. ასე რომ, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ ჩვენ მიერ განხილული ბევრი საკითხიდან ზოგიერთის განხორციელება, მათ შორის ტერორიზმის შეჩერება, უსაფრთხოება ისრაელისათვის, ბირთვული საკითხები…“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

პუტინის ვაშინგტონში მიწვევის შესახებ ინფორმაციის მიღება მოულოდნელობა აღმოჩნდა აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, დენ ქოუთისთვის, რომელსაც ამის თაობაზე კოლორადოს შტატში, ასპენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ ეთერში მიმდინარე ინტერვიუს დროს უთხრეს.

მან გაიცინა და თქვა: „ეს იქნება განსაკუთრებული“.

ქოუთმა დაამატა, რომ მან ჯერ კიდევ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და პუტინმა ერთი-ერთზე შეხვედრისას, რომელსაც მხოლოდ მათი თარჯიმნები ესწრებოდნენ.

აშშ-ის სენატის „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა მოუწოდა ტრამპს გაამჟღავნოს, თუ რა საკითხები განიხილეს პირისპირ შეხვედრისას.

„მანამ, სანამ ჩვენ არ გვეცოდინება, თუ რა მოხდა იმ ორსაათიან შეხვედრაზე ჰელსინკში, პრეზიდენტს აღარ უნდა ჰქონდეს პუტინთან ერთი-ერთზე შემხებლობა – შეერთებულ შტატებში იქნება ეს, რუსეთში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილას“, ნათქვამია სენატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

guardian.ge