მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა. რობერტ ო’ბრიენს, რომელიც ჯონ ბოლტონს შეცვლის, საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი კარიერა აქვს და ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. იგი ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მეოთხე მრჩეველია.

ახალ მრჩეველს, იმიგრაციიდან დაწყებული ირანთან დაძაბული ურთიერთობებით დამთავრებული, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მოუწევს ჩართვა.

პრეზიდენტმა თავისი ახალი საკადრო გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესში განუცხადა. „რობერტი ფანტასტიკურია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ“, თქვა ტრამპმა და შეაქო ო’ბრიენის საქმიანობა მძევლებთან დაკავშირებით.

ტრამპმა ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რომელიც თანამდებობიდან გასულ კვირას გაათავისუფლა, არაერთხელ გააკრიტიკა. ბოლოს მას „კატასტროფა” უწოდა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული პოლიტიკის კონტექსტში და ასევე თქვა, რომ ის „აცდენილი იყო” პოლიტიკას ვენესუელასთან მიმართებითაც.