აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე ვიეტნამის სამიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სამიტი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წარუმატებელი აღმოჩნდა და მხარეებმა ფხენიანის ბირთვულ განიარაღებაზე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ტრამპმა თქვა, რომ არსებობდა პოტენციალი, რომ დღეს რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა მომხდარიყო – „ჩვენ მზად გვქონდა დოკუმენტები ხელმოსაწერად“ – მაგრამ ის „არასათანადო“ იყო.

„მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო… მე მსურს ურთიერთობების შენარჩუნება – ჩვენ დავინახავთ რა მოხდება მომავლი დროის პერიოდში. მე ვენდობი მას [კიმს]“, განაცხადა ტრამპმა.

სამიტის წინ კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ჩრდილოეთ კორეისადმი პოზიტიურად იყო განწყობილი იმდენად, რამდენადაც ფხენიანი არ ახდენდა ბირთვული შეიარაღების ან შორი რადიუსის რაკეტების გამოცდას.

მისი თქმით, კიმი დაპირდა, რომ ეს ასე გაგრძელდება.

„ერთ-ერთი, რასაც კიმი გასულ ღამეს დამპირდა, ეს არის ის, რომ იგი არ გააგრძლებს ბირთვულ გამოცდებს“, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა უკვე დაასრულა სასტუმრო „მარიოტში“ პრესკონფერენცია, რომელიც მთლიანობაში 40 წუთი გაგრძელდა.

„მე ახლა ვემზადები თვითმფრინავისკენ წასასვლელად და უკან გასაფრენად შესანიშნავი ადგილისკენ, რომელსაც ვაშინგტონ დი-სი ჰქვია“, თქვა ტრამპმა.

მას ჰკითხეს, სურდა თუ არა უფრო მეტი სანქციების გამოყენება ჩრდილოეთ კორეაზე, რაზეც პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე არ მინდა სანქციების გაზრდაზე ვისაუბრო. ის ისედაც მკაცრია… ჩრდილოეთ კორეაში არის ხალხი, რომელთაც უნდა იცხოვრონ… ვიტყოდი, რომ ჩემი მთლიანი დამოკიდებულება დიდად შეიცვალა, რადგანაც მე თავმჯდომარე კიმი ძალიან კარგად გავიცანი“.

უფრო ადრე ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას სურდა ყველა სანქციის მოხსნა. „მათ უნდოდათ, რომ სანქციები სრულად მოხსნილიყო და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“, განაცხადა ტრამპმა.

ამ დრომდე მდუმარე რჩება ჩრდილოეთ კორეა. კიმ ჩენ ინს ტრამპისაგან განსხვავებით პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია და შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს იმის გაგებას, თუ როგორია მისი და ფხენიანის დელეგაციის პასუხი ან რა იყო მათი მოთხოვნები ტრამპისადმი.

guardian.ge