მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანზე სამხედრო დარტყმების გეგმა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმების განხორციელება, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, იტყობინება The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ტრამპს საპასუხო დარტყმების განხორციელება მას შემდეგ სურდა, რაც ირანმა ამერიკის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

აშშ-ის მედიის ცნობით, ოპერაცია „თავის ადრეულ ეტაპზე“ განსახორციელებლად იყო მზად, როდესაც ტრამპმა აშშ-ის სამხედრო ძალების ქმედება შეაჩერა. თეთრ სახლს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

თეირანი ამტკიცებს, რომ უპილოტო ამერიკული საჰაერო მოწყობილობა თავის საჰაერო სივრცეში ხუთშაბათს ადრე დილით შევიდა. შეერთებული შტატები კი ირწმუნება, რომ დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იქნა ჩამოგდებული.

როგორც The New York Times-ი წერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვისა და მოგვიანებითაც აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები ჯერ კიდევ მოელოდნენ, რომ დარტყმები განხორციელდებოდა შეთანხმებულ სამიზნეებზე, მათ შორის ირანულ რადარებსა და სარაკეტო ელემენტებზე.

„თვითმფრინავები ჰაერში იყვნენ უკვე აფრენილი და გემები პოზიციაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რაკეტები არ ჰყავდათ გაშვებული, როცა გაიცა ბრძანება, რომ შეჩერებულიყვნენ“, იტყობინება გაზეთი, ტრამპის ადმინისტრაციის ინკოგნიტო მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის დაძაბულობა გასულ თვეს გაძლიერდა, ერთი წლის შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოვიდა ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრისა და გერმანიის მიერ ერთობლივად იქნა მიღწეული და რომელიც თეირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას ავალდებულებდა.

ვაშინგტონმა გასულ წელს ხელახლა დაუწესა თეირანს სანქციები, აპრილში კი გაამკაცრა ზომები და მოსთხოვა ყველა ქვეყანას შეეჩერებინათ ირანული ნავთობის იმპორტი. ამავე დროს, პენტაგონმა რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა იმ მოტივით, რომ ირანული საფრთხეები შეეკავებინა.

თავის მხრივ ირანი დაიმუქრა, რომ გაზრდიდა გამდიდრებული ურანის წარმოებას იმ შეზღუდვების მიღმა, რომელიც ბირთვული შეთანხმებით იყო მიღწეული, თუმცა მას ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.

„ირანი ერთგული დარჩება შეთანხმების, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. თეირანი და ტოკიო, ორივე წინააღმდეგია ბირთვული იარაღის“, განაცხადა რუჰანიმ და დაამატა:

„ირანი არასდროს წამოიწყებს ომს, მაგრამ გამანადგურებელ პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას“.

ივნისის დასაწყისში, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს „ეკონომიკური ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მანამ, სანამ სანქციები არ მოიხსნება. ოფიციალური თეირანის განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონის შეთავაზება, რომ იგი ირანთან მოლაპარაკებებს გამართავდა წინაპირობების გარეშე, თუკი თეირანი თავის ქცევას შეცვლიდა.

„ეკონომიკური ტერორიზმი ირანის წინააღმდეგ უდანაშაულო ადამიანებს ურტყამს. როგორც ამ პატარა ბიჭუნას, რომლის გულმოკლული დედაც ვერ ყიდულობს მისთვის ფეხების პროთეზს, რადგან ისინი სანქციებს ექვემდებარება“, დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „თვითერზე“ და თავის განცხადებას ქალის ვიდეოკლიპი დაურთო, სადაც ის ამბობს, რომ ფეხის პროთეზი, რომელიც მის ვაჟს ესაჭიროება, სანქციების ქვეშაა მოქცეული.

„ეს არის დონალდ ტრამპის ეკონომიკური ომი. და ომი და მოლაპარაკებები – წინაპირობებით თუ წინაპირობების გარეშე – ერთმანეთში არ ჯდება“, აღნიშნა ზარიფმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2 ივნისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ჩაერთოს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე, მაგრამ მანამდე, პირველ რიგში, უნდა დაინახოს, რომ ირანი იქცევა, როგორც „ნორმალური სახელმწიფო“.

ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, აჩვენებს თუ როგორ აცლიან აუფეთქებელ ნაღმს ირანის რევოლუციის მცველები ომანის ყურეში თავდასხმის შედეგად დაზიანებული სანავთობო ტანკერიდან. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე გააზიარეს იაპონური ტანკერი, სადაც აუფეთქებელი ნაღმი ჩანს, ვიდრე ის მოშორებულია ტანკერიდან.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანს ბრალი დასდო ომანის ყურეში ორ სანავთობო ტანკერზე „უმიზეზო თავდასხმებში“. მან აღნიშნა, რომ ამერიკამ თავისი შეფასება თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ტიპის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.

უფრო ადრე მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ის უთხრა, რომ „ირანს არ გააჩნია კავშირი“ მომხდარ აფეთქებებთან.

იაპონიის და ნორვეგიის კუთვნილი სანავთობო ტანკერებიდან ათეულობით ეკიპაჟის წევრი იქნა ევაკუირებული მას შემდეგ, რაც საზღვაო ხომალდები ააფეთქეს.

რა განაცხადა პომპეომ?

 

„შეერთებული შტატების შეფასებით თავდასხმებზე პასუხისმგებელი ირანის ისლამური რესპუბლიკაა“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში და დაამატა, რომ ეს ეფუძნება გამოყენებული იარაღის შესახებ ინფორმაციას, „დონეს, რომელიც ოპერაციის შესასრულებლად არის საჭირო, ბოლოდროინდელ მსგავს თავდასხმებს გემებზე და ფაქტს, რომ არც ერთ პროქსი ჯგუფს, რომელიც ოპერირებას ახდენს ამ ტერიტორიაზე, არ გააჩნია რესურსები და პროფესიული დონე, იმოქმედოს ამგვარი მაღალი დონის დახვეწილობით“.

„ეს უმიზეზო თავდასხმები წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, აღმაშფოთებელ თავდასხმას ნავიგაციის თავისუფლებაზე და ირანის მიერ დაძაბულობის ესკალაციის მიუღებელ კამპანიას“, აღნიშნა პომპეომ.

guardian.ge