მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის.

რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ რუსეთმა „დაარღვია“ 1987 წლის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება.

ხელშეკრულება კრძალავდა საშუალო მანძილის, 500 – 5, 500 კმ-ს შორის მანძილზე მიმავალი რაკეტების ხმელეთიდან გაშვებას.

შეერთებული შტატები ნებას არ დართავს რუსეთს „აწარმოოს იარაღი იმ დროს, როცა ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს“, განაცხადა ტრამპმა.

„მე არ ვიცი რატომ არ აწარმოა მოლაპარაკებები ან რატომ არ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან პრეზიდენტი ბარაქ ობამა. ისინი [რუსები] მრავალი წელია, რაც არღვევენ ამ ხელშეკრულებას“, განაცხადა ტრამპმა ნევადაში საარჩევნო კამპანიის შემდეგ.

2014 წელს პრეზიდენტმა ობამამ ბრალი დასდო რუსეთს საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევაში მას შემდეგ რაც, მოსკოვმა სავარაუდოდ, ხმელეთიდან რაკეტა გაუშვა. როგორც BBC წერს, გავრცელებული ცნობებით, ობამამ ხელშეკრულებიდან არგამოსვლის გზა ევროპელი ლიდერების ზეწოლის ქვეშ აირჩია, რომელთაც განაცხადეს, რომ ამგვარი ნაბიჯი ახალი გამალებული შეიარღების ხელახლა დაწყების საწინდარი გახდებოდა.

როგორც BBC ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ის ნაბიჯი მოტივირებულია „უნიპოლარული მსოფლიოს ოცნებით“, სადაც ის [ამერიკა] ერთადერთი გლობალური სუპერსახელმწიფოა.

აშშ დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსებმა ხელშეკრულების დარღვევით, ახალი საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა „ნოვატორ 9M729“ განავითარეს, რომელიც ნატოსთვის ცნობილია, როგორც SSC-8.

ეს კი საშუალებას მისცემს რუსეთს ბირთვული თავდასხმა განახორციელოს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე იმდენად ძალიან მოკლე პერიოდში, ვიდრე მასზე რეაგირების მოხდენა იქნება შესაძლებელი.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი ამგვარ შეიარაღებას ტრადიციული ძალების უფრო იაფ ალტერნატივად უყურებს. The New York Times-ი პარასკევის ნომერში წერდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა ხელშეკრულებიდან გამოსვლას იმის გამო, რომ შეაკავოს ჩინეთის სამხედრო გაფართოების პროცესი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ქვეყანას, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების ხელმომწერი არაა, უფლება აქვს შეზღუდვის გარეშე განავითაროს საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტები.

რა არის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება?

შეერთებული შტატებისა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის – მაშინდელი ლიდერების, რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ 1987 წელს ხელმოწერილი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულება კრძალავდა ყველა ბირთვულ და არაბირთვულ რაკეტებს, რომელთაც მოკლე და საშუალო მანძილზე წვდომა ექნებოდათ.

1991 წლისთვის, დაახლოებით 2 700 რაკეტა იქნა განადგურებული. ორივე ქვეყანას უფლება ჰქონდა ერთმანეთის მოწყობილობების ინსპექტირება მოეხდინათ.

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება უკვე აღარ ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. პუტინის ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების მიერ 2002 წელს პრეზიდენტ ჯორჯ დაბლიუ ბუშის გადაწყვეტილებით ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემიდან გამოსვლას მოჰყვა. ეს ხელშეკრულება იმ შეიარაღებას კრძალავდა, რომელიც განსაზღვრული იყო ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შესაკავებლად.

ბუშის ადმინისტრაციის ნაბიჯებმა, ჩამოეყალიბებინა სარაკეტო დამცავი სისტემა ევროპაში, შეაშფოთა კრემლი და ეს პროცესი შეჩერებული იქნა ობამას ადმინისტრაციის მიერ 2009 წელს და ბუშის იდეა, 2016 წელს მოდიფიცირებული თავდაცვითი სისტემით შეიცვალა.

guardian.ge