მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავისი პირადი ექიმის რეკომენდაციით ჰიდროქსიქლოროქინის, მალარიის საწინააღმდეგო წამლის მიღება დაიწყო

დონალდ ტრამპმა გამოამჟღავნა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის, მალარიის საწინააღმდეგო წამლის მიღება დაიწყო, რომელზეც მან არაერთხელ თქვა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ იმთავითვე გამოითქვა წუხილები ამ წამლის სახიფათო გვერდითი ეფექტების შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც ყოველდღიურად იღებს თითო ტაბლეტ ჰიდროქსიქლოროქვინს და წამლის მიღებამდე მან ეს საკითხი თეთრი სახლის ექიმთან გაიარა.

ტრამპმა თქვა, რომ ბევრი წინა ხაზზე მყოფი ადამიანი იყენებს ჰიდროქსიქლოროქინს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს კორონავირუსისაგან დაინფიცირება და დაიმოწმა ექიმის წერილი, რომელიც მან მიიღო და რომელშიც ამ წამლის მიღების შესაძლო სარგებელზეა საუბარი.

„ის რაც მე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ“, განაცხადა ტრამპმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები არ გააჩნდა და დასძინა, რომ ჰიდროქსიქლოროქინს ინფექციის თავიდან ასარიდებლად იღებდა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ იგი სხვა წამალსაც, „ზინკს“ (თუთიის შემადგენლობის წამალი) იღებდა – წამალი, რომელიც ფართოდ განიხილება კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო საშუალებად.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ CNN -ს უთხრა, რომ იგი შეშფოთებულია პრეზიდენტის საქციელით, რომელიც ისეთ წამლებს იღებს, რომელიც არ არის რეკომენდებული მეცნიერების მიერ, განსაკუთრებით, თქვა მან, იმ ფონზე, როცა ტრამპი „ავადმყოფურად მსუქანია“.

ამ დრომდე არ არის დამტკიცებული, რომ ჰიდროქსიქლოროქინს ან ზინკს გააჩნდეთ კორონავირუსით ინფიცირებისაგან დამცავი ან მასზე სამკურნალო შესაძლებლობა.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გააფრთხილა მოსახლეობა არ გამოიყენონ ჰიდროქსიქლოროქინი საავადმყოფოს გარეთ „კოვიდ-19“-ზე სამკურნალოდ, რადგან მან შესაძლოა გულის პრობლემები შექმნას.

პრეზიდენტის ექიმმა, სინ კონლიმ ორშაბათ საღამოს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპის მიერ ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენების შესახებაა საუბარი.

კონლიმ განაცხადა: „არაერთი განხილვის შემდეგ, მან და მე ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენების როგორც სასარგებლო ისე საზიანო სამხილები ავწონ-დავწონეთ და დავასკვენით, რომ მკურნალობით მიღებული პოტენციური სარგებელი წონის პირობით რისკებს“.

„ჩანს, რომ მას შედეგი აქვს. და შესაძლოა მას აქვს, შესაძლოა არ აქვს. მაგრამ თუკი მას არ აქვს შედეგი, შენ ამით ავად არ გახდები და არ მოკვდები“, განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ წამალი მალარიის წინააღმდეგ 40 წლის განმავლობაში გამოიყენება. კითხვაზე, რა სამედიცინო სამხილი არსებობდა იმისა, რომ ეს წამალი კორონავირუსის წინააღმდეგაც არის ეფექტური, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „სამხილი არის აქ, მე ბევრ პოზიტიურ ზარს ვიღებ ამის შესახებ“. ერთგან მან ასევე თქვა: „გამოთქმა, რომელსაც მე ვიყენებ ასეთია – „რა უნდა დაკარგო? რა უნდა დაკარგო?“ მე ვიღებ ტაბლეტს ყოველ დღე. რაღაც დროის შემდეგ შევწყვეტ. მე მსურს, რომ გვქონდეს წამალი და ვაქცინა და ეს მალე მოხდება“.

GUARDIAN.GE