აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი „უკვე ანადგურებს მთავარ სარაკეტო პოლიგონს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი „უკვე ანადგურებს მთავარ სარაკეტო პოლიგონს“.

მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს დეტალი ერთობლივ დეკლარაციაში არ არის შეტანილი, რადგან, მისი თქმით, ამაზე კიმ ჩენ ინთან შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც დოკუმენტი შეიქმნა.

ტრამპმა თქვა, რომ იგი „შეწყვეტს ომის თამაშებს“, კიმ ჩენ ინმა კი პირობა დადო, რომ გაანადგურებს სარაკეტო გამოცდის პოლიგონს.

მან კიმ ჩენ ინთან მიღწეულ შეთანხმებას „პატიოსანი, პირდაპირი და პროდუქტიული“ უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული განიარაღება ძალიან, ძალიან მალე მოხდება“, ეს განცხადება კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტრამპმა კიმს „ძალიან ღირებული, ჭკვიანი მომლაპარაკებელი“ უწოდა.

პრეზიდენტმა იგი ვაშინგტონში მიიწვია.

ტრამპი-კიმის დეკლარაციის მთავარი პუნქტები ცნობილია:

 

  1. შეერთებული შტატები და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მხარს უჭერს შეერთებული შტატები-კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ურთიერთობების დაფუძნებას ორი ქვეყნის ხალხების სურვილის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა;
  2. შეერთებული შტატები და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა განავითარებენ თავიანთ ძალისხმევებს იმისათვის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და სტაბილური სამშვიდობო რეჟიმი იყოს;
  3. 2018 წლის 27 აპრილის პანმუჯომის დეკლარაციაზე დაყრდნობით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განაიარაღების მხარდაჭერას გამოხატავს.შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყანა „ახალი ურთიერთობების“ ფარგლებში განაგრძობენ თანამშრომლობას და შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის „უსაფრთხოების გარანტიებს“ უზრუნველყოფს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მან კიმთან შეხვედრისას ადამიანის უფლებების საკითხიც წამოწია.

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დეკლარაციას მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც კიმმა განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, წარსული უკან მოვიტოვოთ“.
„მსოფლიო დიდ ცვლილებებს იხილავს“, აღნიშნა კიმ ჩენ ინმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

„ის ძალიან ნიჭიერი კაცია. ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით“, განაცხადა ტრამპმა.

თავდაპირველად დასმულ შეკითხვაზე, მიაღიწეს თუ არა ბირთვულ განიარაღებას – ტრამპმა უპასუხა, რომ „ისინი პროცესს ძალიან მალე დაიწყებენ“.

მანამდე ვიდრე უცნობი იყო, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ისტორიული შეხვედრისას, ტრამპის მიერ პრესისთვის გაკეთებული მოკლე კომენტარის მიხედვით ირკვევოდა, რომ მოლაპარაკებები შესანიშნავად წარიმართა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„მოლაპარაკებები წარიმართა იმაზე უკეთესად, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ ფოტოზე (დაბლა) ტრამპი და კიმი პარკში, იმ სასტუმროს ბაღში გადაადგილდებიან, სადაც მათი მოლაპარაკებები გაიმართა, სანამ ისინი „ხელმოწერის ცერემონიის ადგილისკენ“ აიღებენ გეზს.

სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუპლიკის უზენაეს ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა.

თავდაპირველად ლიდერებს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე შედგა, რის შემდეგაც ისინი თავიანთი დელეგაციების წევრებთან ერთად მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

ტრამპის გარდა მოლაპარაკებების მაგიდას ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ კელი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უსხდნენ.

კიმ ჩენ ინთან კი მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ:

კიმ იონ ჩოლი: კიმ ჩენ ინის „მარჯვენა ხელი“ – გენერალი და სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ივნისის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალი რანგის პირი გახდა, რომელიც ოდესმე სტუმრობდა შეერთებულ შტატებს;

რი იონ ჰო: ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც 1990-ინა წლებში მოლპარაკებებს აშშ-სთან აწარმოებდა;

რი სუ იონი: მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ვიდრე რი იონ ჰო შეცვლიდა. მიუხედავად ამისა, იგი ფხენიანში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალურ პირად ითვლება.

„სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბატონო პრეზიდენტო“, უთხრა ტრამპს კიმმა ინგლისურად.

შეკითხვაზე, თუ როგორ მიდიოდა მისი შეხვედრა კიმთან, ტრამპმა უპასუხა: „ძალიან, ძალიან კარგად. ჩინებული ურთიერთობა“.

როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შესახებ ფაქტები კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს იმის ნიშნები, რომ კიმი ინგლისურს შესანიშნავად ფლობს. 2013 წელს ჩრდილოეთ კორეაში დენის როდმანის ვიზიტისას, მედია წერდა, რომ ის და კალათბურთის მსოფლიო ვარსკვლავი ერთმანეთს პირდაპირ, თარჯიმნის გარეშე ესაუბრებოდნენ. კიმი როდმანთან ერთად შვეიცარიის სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს 14 ივნისს დაბადების დღე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ჯერ არ დამდგარა, მას სინგაპურში უკვე წინასწარ მიულოცეს დაბადების დღე.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი 72 წლის ხდება.

guardian.ge