მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა გამოქვეყნდეს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც რუსეთის გამოძიებას ეხება

დონალდ ტრამპმა რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან და მისი საარჩევნო კამპანიის გუნდთან მოსკოვის პოტენციურ კავშირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით კლასიფიცირებული დოკუმენტების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.

თეთრმა სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა დაავალა იუსტიციის დეპარტამენტს და ეროვნული დაზვერვის დირექტორს, დენ კოუტს, გამოაქვეყნონ ის მასალები, რომელიც დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.

მანამდე, 6 სექტემბერს, ტრამპმა „თვითერზე“ განაცხადა, რომ „დეკლასიფიკაციამ შესაძლოა დამატებითი კორუფცია გამოავლინოს“.

ტრამპმა მოითხოვა გამოქვეყნდეს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI )ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომისა და მისი ყოფილი მოადგილის, ანდრიუ მაკკაბეს „ყველა ტექსტური შეტყობინება, რომელიც კი რუსეთის გამოძიებასთან კავშირშია“.

ტრამპმა კომის და მის ყოფილ მოადგილეს მძიმე ბრალდებები წაუყენა. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ისინი მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული შეთქმულების თანამონაწილეები არიან.

ტრამპმა ასევე მოითხოვა იმ დოკუმენტების დეკლასიფიკაციაც, რომელიც 2016 წლის არჩევნებზე მისი კამპანიის მრჩეველს, კარტერ ფეიჯს ეხება, რომელიც ფედერალური აგენტების მიერ მოსკოვში ოფიციალურ პირებთან კონსიპირაციაში იყო ეჭვმიტანილი და რომელზეც გამოძიებას FBI აწარმოებს.

guardian.ge