მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კვლავ პოპულარულია „რესპუბლიკელთა“ დიდ ნაწილში, მაგრამ იგი თანაპარტიელებმა 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში არშემდგარი „წითელი ტალღის“ გამო დაადანაშაულეს.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. „დემოკრატებს“ 50 ადგილი ერგოთ, „რესპუბლიკელებს“ – 49 და ჯორჯიის შტატში 6 დეკემბერს დაგეგმილ მეორე ტურში „რესპუბლიკელების“ კანდიდატის გამარჯვების, ანუ ადგილების 50-50-ზე გადანაწილების შემთხვევაშიც კი უმრავლესობა მაინც „დემოკრატებს“ ექნებათ, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სენატის თავმჯდომარეცაა და გადამწყვეტი ერთი ხმა სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა ტრამპის პარტია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების ზღვარზე არიან – დამატებით მხოლოდ ერთი ადგილის მოპოვება სჭირდებათ ამისათვის.

საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის ტრამპს „რესპუბლიკური პარტიის“ ნომინაციის მოგება მოუწევს, რადგან მოსალოდნელია, რომ სხვებმაც იბრძოლონ ამისათვის. განსაკუთრებით კონკურენტული მეტოქე სავარაუდოდ, ფლორიდის გუბერნატორი, „რესპუბლიკელების“ მზარდი ვარსკვლავი, 44 წლის რონ დესანტისი იქნება, რომელიც გასულ კვირას ტრამპმა დაუნდობლად გააკრიტიკა.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში ხელმეორედ მონაწილეობის სურვილი უკვე გამოხატა მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელთანც დონალდ ტრამპი 2020 წელს დამარცხდა.

guardian.ge