მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლის გამო „დაუყოვნებლივ გააუქმა“ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ კვირას დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან და თალიბანის წამყვან ლიდერებთან შეხვედრა, მაგრამ გააუქმა აღნიშნული შეხვედრა თავის „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თალიბანმა აღიარა, რომ ქაბულში ხუთშაბათს განხორციელებული თავდასხმა, რამაც 12 ადამიანის, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან განახორციელა.

ორშაბათს ამერიკელმა მომლაპარაკებელმა ზალმეი ხალილზადმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის 9 რაუდნიანი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმება თალიბანთან „პრაქტიკულად მიღწეულად“ გამოაცხადა.

„მას შემდეგ, რაც თალიბანმა აღიარა ქაბულის თავდასხმაში მისი მონაწილეობა, რამაც ჩვენი დიდებული, დიდებული ჯარისკაცი მოკლა, მე დაუყოვნებლივ გავაუქმე შეხვედრა და გადავწყვიტე სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერება“, განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“.

წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით შეერთებულ შტატებს 20 კვირის განმავლობაში ავღანეთიდან 5 400 ჯარისკაცის უნდა გაეყვანა, თუმცა ხალილზადის თქმით, აღნიშნულზე საბოლოო თანხმობის გაცემა ჯერ კიდევ ტრამპის ნებაზე იყო დამოკიდებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ავღანეთში ამჟამად დაახლოებით 14 000 ჯარისკაცი ჰყავს.

guardian.ge