ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები

სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან და კიდევ დიდხანს იმეგობრებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სომხეთიც და აზერბაიჯანი დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ და ბევრჯერ ეგონათ, რომ შეთანხმება შეძლეს,  თუმცა ეს აქამდე ვერ მოხდა.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ – თუმცა წარუმატებლად – ევროკავშირიც, რუსეთიც.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ თეთრ სახლში ამ ისტორიულ მშვიდობის სამიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მინდა, მივულოცო ამ ორ შორსმჭვრეტელ ადამიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა ხელი მოეწერათ ამ მნიშვნელოვანი დეკლარაციისთვის. ახლახან ვიმყოფებოდით ოვალურ კაბინეტში, სადაც ხელი მოვაწერეთ მოცულობით დოკუმენტებს და შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამო შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად, რაც შესანიშნავია.

„ჩვენ ასევე მოვაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს დეკლარაცია, რასაც მათ ჩემ პატივსაცემად უწოდეს „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ადგენს, რომ საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, სრული წვდომა ჰქონდეს ნახიჩევანის მის ტერიტორიაზე, ამავდროულად, სრულად პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს. ასე რომ, ისინი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად. ეს შესანიშნავია. სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც, შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ტრამპმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ, დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში, სომხეთთან სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმების დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, დარწმუნებულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცეს შესარიგებლად და დაპირისპირების ისტორიას უკან მოიტოვებენ.

„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ აღნიშნა, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს შექმნის ახალ დამაკავშირებელ ხაზებს, მოშლის კედლებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს მრავალი ქვეყნისთვის. დღეს ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ ვამკვიდრებთ მშვიდობას, პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობა მოიტანა კავკასიაში და მადლიერი ვართ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან სიმამაცესა და პასუხისმგებლობას შესარიგებლად. ხალხი შერიგდება და უკან მოვიტოვებთ ამ დაპირისპირებისა და სისხლისღვრის ისტორიას“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-თან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ისტორია იწერება, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება.

„ნამდვილად ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ ორ სახელმწიფოს, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისკენ გზას ვიწყებთ. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია რამდენიმე თვეში შეუშავდება და ეს იქნება ისტორიული მიღწევა აზერბაიჯანისთვის, რადგან მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა  შესანიშნავი შესაძლებლობაა. ასევე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც. ეს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი მრავალ სფეროს მოიცავს – ერთობლივი ინვესტიციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, ტრანზიტი, ხელოვნური ინტელექტი, თავდაცვა, რეალიზაცია, ტერორიზმთან ბრძოლა. ყველა ამ სფეროში ჩვენ გვაქვს – და ვიმედოვნებ, მომავალშიც გვექნება – თანამშრომლობა. ეს შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს, განაგრძოს განვითარების გზა და განახორციელოს ეკონომიკის დივერსიფიცირება, შეამციროს უმუშევრობა“, – აღნიშნა ალიევმა.

სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულობით მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას, დაიწყება ახალი ეტაპი, რაც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე, – ამის შესახებ კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში აზერბაიჯანთან სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმების დროს განაცხადა.

ფაშინიანის შეფასებით, დეკლარაციის ხელმოწერით სამხრეთ კავკასიაში იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში. საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში გვქონდა. ეს გარღვევა შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ჩართულობის გარეშე. სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის ათწლეულობით მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ჩვენს ქვეყნებს შორის და დაიწყება ახალი ეტაპი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე. დეკლარაციის ხელმოწერით იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი სამხრეთ კავკასიაში.

განსაკუთრებით, დარწმუნებული ვარ, რომ, აშშ-თან ერთად, სომხეთი იმუშავებს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტზე, რაც მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის და ხანგრძლივ სარგებელს მოიტანს. ეს ხელს შუწყობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებადობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.