მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ საავადმყოფოში გადააფრინეს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი თავს გრძნობდა „სუსტად და გადაღლილად, მაგრამ კარგ გუნებაზე“ იმყოფებოდა, „მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა“, საავადმყოფოში კი პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანეს.

ტრამპს გამოსაცდელი წამლების ნარევი ინექცია გაუკეთდა თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც მან და პირველმა ლედიმ კორონავირუსზე დადებითი ტესტი აჩვენეს.

პრეზიდენტი თეთრი სახლის გამწვანებულ ეზოში, თავისი ვერტმფრენისკენ კოსტუმით და ნიღბით მიმავალი გამოჩნდა. იგი თეთრი სახლიდან ვაშინგტონ დისის გარეუბანში, „უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში“ გადააფრინეს.მან რეპორტიორებს ხელი დაუქნია, ცერა თითი მაღლა ჰქონდა აწეული, მაგრამ თვითმფრინავზე ასვლამდე არაფერი უთქვამს. „თვითერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ტრამპი ამბობს:

„ვფიქრობ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მაგრამ ჩვენ მივდივართ იმის გამო, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება. პირველი ლედი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ასე რომ, ძალიან დიდი მადლობა“.

პრეზიდენტის შვილებმა, ივანკამ და ერიკმა მისი პოსტი გააზიარეს, მას ქება მიუძღვნეს და „მებრძოლი“ უწოდეს. ივანკამ დაამატა: „მიყვარხარ მამა“.

ტრამპი უოლტერ რიდში საპრეზიდენტო განყოფილებაში მოათავსეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტები ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებას გადიან ხოლმე.

მოგვიანებით, შუაღამის დადგომამდე ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა: „ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა. ყველას დიდი მადლობა. მიყვარხართ!!!“

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიფრთხილიდან გამომდინარე,  მისი პირადი ექიმის და სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციით, პრეზიდენტი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უოლტერ რიდის საპრეზიდენტო ოფისიდან იმუშავებს.

ტრამპს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის არ გადაუცია საპრეზიდენტო ძალაუფლება და თავად განაგრძობს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას.

პარასკევ საღამოს ტრამპის ექიმმა შინ კონლიმ სამსახურებრივი ჩანაწერი გააკეთა: „ბედნიერი ვარ გაუწყოთ, რომ პრეზიდენტი თავს ძალიან კარგად გრძნობს. იგი არ საჭიროებს რაიმე დამატებით ჟანგბადს, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, ჩვენ რემდესივირის თერაპია ავირჩიეთ. მან დაასრულა თავისი პირველი დოზა და კომფორტულად ისვენებს“.  

უფრო ადრე გავრცელებულ განცხადებაში ექიმმა კონლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თეთრ სახლში, 8გ რეგენერონის პოლიკლონალური ანტისხეულის ნარევი მიიღო. აღნიშნული წამალი ვირუსის დონის შემცირებისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის გამოიყენება.

ექიმის განცხადებითვე, ტრამპი ასევე იღებდა თუთიას, ვიტამინ D-ს, ფამოტიდინს, მელატონინს და ასპირინს. „შუადღისთვის იგი რჩება სისუსტის და დაღლილობის შეგრძნებით, მაგრამ კარგ გუნება-განწყობაზე“.

ექიმის ინფორმაციით, პირველი ლედი, რომელიც 50 წლისაა, „კარგად არის და მხოლოდ მსუბუქი ხველება და თავის ტკივილი აქვს“.

ტესტირება ჩაუტარდა დონალდ ტრამპის და მელანიას ვაჟს ბარონსაც, რომელიც ასევე თეთრ სახლში ცხოვრობს, თუმცა მისი შემოწმების პასუხი უარყოფითი იყო.

GUARDIAN.GE