აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდება.  აღნიშნულის შესახებ „თვითერზე“ ტრამპმა დაწერა.

„ჩვენ, ორთავე შევეცდებით ამ შეხვედრით სპეციალური მომენტი შევქმნათ მსოფლიო მშვიდობისთვის“, განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ფხენიანში ვიზიტი, მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან ორი ლიდერის შეხვედრის საკითხების მოსაგვარებლად, და ჩრდილოეთ კორეის მიერ „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის“ გასამართლებული სამი ამერიკის მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლება, რაც თეთრმა სახლმა კეთილმოსურნეობის ჟესტად გამოაცხადა.

დღემდე აშშ-ის არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.

ტრამპის მთავარი მისია კიმ ჩენ ინის დათანხმება იქნება იმ უმთავრეს საკითხზე, რომ ფხენიანმა უარი თქვას მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, რისი წინასწარი მზაობაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა 20 აპრილს გამოხატა, როცა განაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვულ სფეროში თავის უმთავრეს მიზანს უკვე მიაღწია და ახლა მისი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს, თუმცა არ დაზუსტებულა, თუ რა ბედი ეწევა უკვე შექმნილ რაკეტებს, მათ შორის კონტინენტთოშრის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთაც, ფხენიანის მტკიცებით, ამერიკის კონტინენტზე წვდომის შესაძლებლობა გააჩნიათ და რომელთა გამოცდებმაც 2017 წელს  შეერთებული შტატების შეშფოთება და ტრამპსა და კიმს შორის ზიზღისა და შეურაცხყოფის შემცველი ლექსიკის ურთიერთგაცვლა გამოიწვია.

მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა 2018 წელს. აპრილის ბოლოს უკვე შედგა კიმ ჩენ ინის ისტორიული ვიზიტი სამხრეთ კორეაში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვული განიარაღების და ორი კორეის გაერთიანების პირობა დადო.