მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ „პირისაგან მიწისა აღგვის თურქეთის ეკონომიკას“, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი – მას შემდეგ, რაც მან გასული წლის დეკემბერში მოულოდნელი და გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაყვანის თაობაზე, რამაც მაშინდელი თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის გაბრაზება და თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია – თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს.

„თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებების სერიაში ტრამპმა დაიცვა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე, რამაც შესაძლოა თურქეთს გზა გაუხსნას საზღვრის გასწვრივ ქურთ მებრძოლებზე თავდასხმების წამოსაწყებად.

ტრამპის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თვით მისი „რესპუბლიკელი“ მოკავშირეების მიერაც კი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული.

ქურთი მებრძოლები ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეები იყვნენ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში. აშშ-ს სირიის ტერიტორიაზე დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავს და ორი ათეული გამოყვანილია სამხედრო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ამერიკული ჯარების გაყვანა წამყვანი ქურთული ჯგუფის მიერ აღწერილი იქნა როგორც „ზურგში მახვილის ჩაცემა“, და ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახალ აღმოცენებას და ქურთული ძალები შესაძლოა თურქეთის მხრიდან თავდასხმის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. თურქეთი სირიის შემადგენლობაში მყოფ ამ ტერიტორიას თავის ნაწილად მიიჩნევს.

ორშაბათს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა „თვითერზე“ დაწერა, რომ „ოპერაციისთვის ყველა მზადება დასრულებულია“ და ამგვარი ზონის ჩამოყალიბება „არსებითია“ სირიელებისა და რეგიონის მშვიდობისთვის.

მაგრამ ტრამპმა გააფრთხილა თურქეთი, რომ არ ისარგებლოს მისი ჯარების გაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით – რომელიც პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების რჩევის საწინააღმდეგოა – და განაცხადა, რომ მან შესაძლოა „გაანადგუროს და პირისაგან მიწისა აღგავოს“ მისი მთელი ეკონომიკა.

„როგორც მე ადრე მკაცრად განვაცხადე და ახლა ისევ უნდა გავიმეორო, თუკი თურქეთი რაიმე მსგავსს გააკეთებს… მე სრულად გავანადგურებ და პირისაგან მიწისა აღვგვი თურქეთის ეკონომიკას (მე ეს მანამდე გავაკეთე)“, განაცხადა ტრამპმა.

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ზოგიერთ თურქულ პროდუქტზე ტარიფები გაზარდა და მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებზე სანქციები დააწესა, მას შემდეგ, რაც ნატო-ს ორ წევრ ქვეყანას შორის რამდენიმე საკითხზე უთანხმოების გამო ურთიერთობები გაუარესდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მიზანი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლა და ამჟამად თურქეთში მცხოვრები 3.6 მილიონი სირიელი ლტოლვილიდან 2 მილიონამდე ლტოლვილისთვის „უსაფრთხო ზონის“ შექმნაა.

პენტაგონის წარმომადგენლის, ჯონათან ჰოფმანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „თავდაცვის დეპარტამენტმა, ისევე როგორც პრეზიდენტმა, თურქეთს მკაფიოდ უთხრა, რომ ჩვენ არ ვემხრობით თურქეთის ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში“.

guardian.ge