მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის რაოდენობა 100,000-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანების გადარჩენის მხრივ „უზარმაზარ პროგრესს“ ხედავს. „ჩვენ ვუყურებთ მკაფიო ნიშნებს იმისა, რომ ჩვენი აგრესიული სტრატეგია უთვალავ სიცოცხლეს იცავს“, თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის არსებული რაოდენობა „საშინელებაა“, თუმცა დაამატა: „ჩვენ ვიცავთ უამრავ სიცოცხლეს, იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ჩანს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 100,000-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. ეს იმაზე გაცილებით ნაკლებია, რაც ჩვენ თავდაპირველად ვთქვით და რაზეც ვფიქრობდით. ითქვა, რომ მსხვერპლი მინიმუმ 100,000 – 200,000-ს შორის იქნებოდა და 2.2 მილიონამდეც კი, თუკი ჩვენ არაფერს გავაკეთებდით“.

ტრამპის განცხადებით, ამერიკაში უკვე 2 მილიონზე მეტი ტესტირება არის ჩატარებული და ყოველდღიურად 100,000-ზე მეტი ტესტი ტარდება. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ „კარგ ფორმაშია“  ხელოვნური სასუნთქი აპარატურებისა და დამცავი ტანსაცმლის მხრივ და ახლა გუბერნატორებისაგან ზარებს აღარ ან იშვიათად იღებენ, რადგან ისინი კარგ ფორმაში ხვდებიან იმ პიკს, რომელიც ახლოვდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100,376 შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი იტალიაშია დაფიქსირებული, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი მოყვება.

საკმაოდ იზრდება მსხვერპლის რაოდენობა საფრანგეთში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში 980 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 8,958 შეადგინა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი  გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მსოფლიოს კორონავირუსის უფრო მძლავრი აფეთქება მოელის, თუკი სოციალური დისტანცირების შეზღუდვები მეტისმეტად სწრაფად მოიხსნება. ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ეფექტური სტრატეგიით იმოქმედონ და თანდათანობით და უსაფრთხოდ შეამსუბუქონ შეზღუდვები.