საქართველო

დირექტორი: ახალქალაქის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში განაგრძობს სწავლას

ბოლო წლების განმავლობაში, კოჩიოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იღებს გეზს და იქ განაგრძობს სწავლას, სომხეთში კი, მხოლოდ რამდენიმე თუ მიდის, – ამის შესახებ „ბიზნესკონტინენტს“ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, არტურ ბალასანიანმა განუცხადა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი არტურ ბალასანიანი მე-12 კლასელებთან ერთად

„ჩვენს სკოლაში 72 მოსწავლეა ამჟამად, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მაღალია. ჩვენი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი თბილისში განაგრძობს სწავლას, ილიას ან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტებში.

2023-2024 წლის კურსდამთავრებულებიდან ოთხი თბილისში უფასოდ, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სწავლობს, ორი მათგანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორი კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2023 წელს და 2024 წელს ოქროს მედალოსნები გვყავდა. წელსაც 4 მედალოსანი გვყავს. შვიდი მე-12 კლასელიდან 4 მედალოსანი გვეყოლება – ორი ოქროს და ორი ვერცხლის. ერთ-ერთი აგერ, ეს გოგონა, რომელიც ახლა შემოვიდა ჩემს კაბინეტში – აღავნი მიქაელიანი, იგი სწავლის გაგრძელებას ერევანში აპირებს – ბიზნეს მენეჯმენტის სპეციალობაზე.

„მოგეხსენებათ ბოლო წლებია სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები დაემატა და უკვე გვაქვს წარმატება, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტის ეგიდით გამართულ შეჯიბრში, ჩვენმა მოსწავლემ, მესამე კლასელმა აკოფ აკოფიანმა მესამე ადგილი აიღო.

„მინდა გამოვყო კოჩიოს საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული არევიკ ბალასანიანი, რომელიც თბილისში გამართულ ქართული ენის ოლიმპიადაში მესამე ტურში გადავიდა, პირველ ათეულში მოხვდა და მე-5 თუ მე-6 ადგილი ერგო. იგი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და სომხეთის დედაქალაქში ქართული ბიბლიოთეკა გახსნა. მან ჩვენი სკოლა 2023 წელს დაამთავრა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ არტურ ბალასანიანმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

მისივე თქმით, კოჩიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლებში კლებისკენ მიდის და თუკი, წინა წლებში 90-მდე მოსწავლე ირიცხებოდა, ახლა 72-მდე ჩამოვიდა და მომავალ სასწავლო წელს კიდევ უფრო ნაკლები იქნება, რადგან წელს შვიდი მე-12 კლასელი ამთავრებს სკოლას  და 5 პირველკლასელი შემოდის.

„თუკი ამას დაემატა საზღვარგარეთ ისეთი ოჯახების წასვლა, რომლებსაც სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ, მაშინ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეგვიმცირდეს კონტინგენტი. ბოლო 2-3 წელიწადში 10 მოსწავლით ნაკლები გვყავს, მაგრამ თუკი შევადარებთ მიმდებარე სოფლების სკოლებში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, მაინც დამაკმაყოფილებელი სურათი გვაქვს.

„ჩემს ბავშვობაში, მე 1994 წელს დავამთავრე სკოლა, 110-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა ამ სკოლაში და ახლა მხოლოდ 72-ია, ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მიგრაცია არის გაზრდილი. ოჯახები, რომლებიც აქ სამუშაოს ვერ შოულობენ, საზღვარგარეთ მიდიან საცხოვრებლად“, – განაცხადა დირექტორმა.

მისი აზრით, ბავშვების მონდომება გადამწყვეტია წარმატების მოსაპოვებლად, მაგრამ კარგი პედაგოგების გარეშე მათ გაუჭირდებოდათ იმ შედეგების მიღწევა, რომელიც აქვთ.

„ამჟამად სკოლაში 19 პედაგოგია დასაქმებული, ყველა მათგანი უფროსი მასწავლებელია, მხოლოდ ერთი, ინგლისური ენის მასწავლებელი ელოდება კვალიფიკაციის ამაღლებას. ჩვენი მასწავლებლები მთელი გულით ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და მათ ამისათვის მადლობას მოვახსენებ. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგიცაა იმ მოსწავლეების წარმატება, რომელზეც უკვე გესაუბრეთ“, – აღნიშნა არტურ ბალასანიანმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი არტურ ბალასანიან

იგი სკოლებში გამოცდების დაბრუნებას და ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად სასკოლო გამოცდების შემოღებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ ეს სწავლის დონეს უფრო აამაღლებს.

„ეს ნამდვილად მისასალმებელია. გამოცდების სკოლაში დაწესება, ვფიქრობ, აამაღლებს სწავლის დონეს, ბავშვებს სწავლის უფრო მეტი სურვილი გაუჩნდებათ. ეს ალბათ აამაღლებს სკოლის ავტორიტეტსაც. მეტი მოტივაცია ექნებათ, რადგან თუკი ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ვერსად განაგრძობენ სწავლას“, – განაცხადა არტურ ბალასანიანმა.

ბალასანიანი, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობს, მანამდე 3 წელი – 2010 წლიდან 2013 წლამდე დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 1996 წლიდან დღემდე, ამავე სკოლაში, ისტორიის მასწავლებელია, „ბიზნესკონტინენტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დირექტორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ სკოლაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლა

„სპორტადარბაზის სახურავი, რომელიც ორი წლის წინ ქარმა დააზიანა, მთლიანად გამოვცვალეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სახსრებით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, წერილით მივმართეთ საქართველოს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და მათი დაფინანსებით, მთლიანად შეკეთდა სახურავი, დაახლოებით 44 000 ლარი დაიახარჯა ამისათვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის. სპორტდარბაზი ახლა კაპიტალურადაა გადახურული, მაგრამ შიდა სივრცე აღდგენას საჭიროებს. მოგეხსენებათ, ავტორიზაციის გასავლელად სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული და სპორტდარბაზიც გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს. სპორტდარბაზის აღსადგენად დაფინანსების გამოყოფის თხოვნით ალბათ, ისევ განათლების სამინისტროსათვის მოგვიწევს მიმართვა, რადგან ჩვენ არანაიარი სახსრები არ გაგვაჩნია. რაც შეგვეძლო ჩვენი თანხებით, რასაც მე-2 სართულზე უყურებთ, ფანჯრები, კარები გამოვცვალეთ, საკლასო ოთახებში, ეტაპობრივად, კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ, პირველი სართულის იატაკზე ლამინატი დავაგეთ, ახლახან კი, ცენტრალური გათბობა გავაკეთეთ, 15 000 ლარი დავხარჯეთ, მანამდე ღუმელებით ვთბებოდით, მაგრამ ისეთ კლიმატურ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, შეშის ღუმელებით გათბობა საკმარისი არ არის. ახლა პედაგოგები,  ბავშვები და მშობლები კმაყოფილი არიან, რომ ცენტრალური გათბობა გავაკთეთ და მთელი სკოლა, დერეფნების ჩათვლით, სათანადოდ თბება“, – განაცხადა არტურ ბალასანიანმა და დაამატა, რომ სპორტდარბაზის რემონტის გარდა, პირველი სართულის ფანჯრების შეცვლა და დერეფნის გარემონტება იგეგმება.

დაბლა იხილეთ ფოტომასალა